დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ი კომერციულ ბანკებს დამატებით მოთხოვნებს უწესებს - დეტალები

სებ-ი კომერციულ ბანკებს დამატებით მოთხოვნებს უწესებს - დეტალები

26-12-2023 13:00:00

დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს.

კერძოდ, 2024 წლის 1-ელი  იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300,000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში.

როგორც სებ-ის პრეზიდენტის №374/04 ბრძანებაშია აღნიშნული, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 300 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.

მოთხოვნები არ ვრცელდება, თუ:

ა) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 300 000 ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;

გ)  სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში;

დ) სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის  წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული სესხის/საბანკო კრედიტის მომსახურების ჯანსაღი კოეფიციენტი სრულად დაცული უნდა იყოს სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტაში არსებული შემოსავლით;

ე) ხორციელდება სესხის/საბანკო კრედიტის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/საბანკო კრედიტზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან/საბანკო კრედიტთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. 

იმავდროულად, ძალადაკარგულად გამოცხადდეა „კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 იანვრის №7/04 ბრძანება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები