დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ი CENTRAL BANKING - მა ციფრული ვალუტის ინიციატივს კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

სებ-ი CENTRAL BANKING - მა ციფრული ვალუტის ინიციატივს კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

14-06-2023 17:46:21

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Central Banking - ის კიდევ ერთი ჯილდო - ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ინიციატივის - "CBDC Initiative" მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე, ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისთვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას და ორიენტირებულია მოძებნოს ოპტიმალური ბალანსი  ინოვაციებსა და რისკებს შორის.

სებ-ი 2020 წლიდან აქტიურად მუშაობს CBDC-ის თემაზე. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის კონცეფციისა და დეცენტრალიზებული ფინანსების შესახებ არაერთი კვლევა ჩატარდა. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად ეროვნულმა ბანკმა ციფრული ვალუტის პილოტური პროექტის ინიცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა: ციფრული ლარი, ღია ბანკინგი, მყისიერი გადახდები, ციფრული ბანკი და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს ღია მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც ფინტექ ინოვატორებს საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა უფრო მეტია, ვიდრე გადახდის კიდევ ერთი საშუალება. პლატფორმის შექმნა, რომელსაც ჭკვიანი კონტრაქტების და პროგრამირებადი ტოკენური შესაძლებლობები ექნება, ფინანსურ სექტორში ბანკებისა და ფინტექ კომპანიების ნოვატორობას წაახალისებს. ციფრული ლარი უნდა იყოს ახალი, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული გადახდის საშუალება.

"CBDC პლატფორმა შეავსებს გადახდის არსებულ არხებს (მათ შორის ახლო მომავალში მყისიერი გადახდების სისტემასაც) და კერძო სექტორის ინოვაციებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ასევე, ეროვნული ბანკი მხარს დაუჭერს უფრო მასშტაბურ ტენდენციებსა და ინოვაციებს, ფულის ახალი ციფრული ფორმის დანერგვით, ისეთი ფუნქციებითა და ინსტრუმენტებით, რაც საცალო მომხმარებლებისა და კერძო სექტორისთვის გაზრდის მის ფუნქციონალს და ღირებულებას", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.

ჯილდო ეროვნულ ბანკს ყოველწლიური საზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გადაეცა, რომელიც საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის ორგანიზებით იმართება. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ეროვნულ ბანკს გამოცემა Central Banking-ის სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული.

Central Banking Publications 1990 წელს, ლონდონში, მისი პირველი რედაქტორის, რობერტ პრინგლის მიერ დაარსდა, რომელიც მანამდე The Banker-ის რედაქტორი იყო. CENTRAL BANKING წარმოადგენს ფინანსურ მედია პორტალსა და გამომცემლობას. მას ძალზე დიდი აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მოიცავს მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და საფინანსო სექტორის მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები