თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის ანგარიშის და 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და დედაქალაქის გამოწვევებზე გააკეთა განცხადება. მისი შეფასებით, ის, რაც ხდება, არის სახელმწიფო გადატრიალების მცდება. ოთარ გრიგოლიამ ამ პროცესების სათავეში მდგარად სალომე ზურაბიშვილი დაასახელა.
„მე მინდა, რომ ქვეყნის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა იცოდეს მუნიციპალიტეტის პოზიცია როგორია ამ თემაზე, როგორია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის პოზიცია. ჩვენ რეალურად გადავიარეთ ქვეყნის გადატრიალების მცდელობა. ეს იყო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად „რეჟიმ ჩეინჯ“-ის მცდელობის ოპერაცია, ყველა იმ სცენარის და დრამატურგიის შესაბამისი, რაც კი აქამდე გვინახავს სხვა ქვეყნებში. სამწუხაროდ, ამის შეფასება სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან არ მომხდარა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ასეთი შეფასებებიც გვექნება. ეს მცდელობა თავიდანვე დამარცხებისთვის იყო განწირული. შეიძლება ცალსახად ვთქვათ, რომ ამ მცდელობებმა გამოიწვია საზოგადოებაში დიდი პოლარიზაცია და გააჩინა მტრობამდე მისული ბზარი, რასაც ხელს უწყობს ჩვენი უკვე ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავისი მოღვაწეობის ბოლო წელს აბსოლუტურად არალეგიტიმური იყო. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, აირჩიეს სხვა პოლიტიკის და მიზნებისთვის, რაც სრულიად განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელიც ქართველი ხალხის დაკვეთაა. იმათ კი, ვინც ახლა მას მხარს უჭერს, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არ აურჩევიათ.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიძლება ვთქვა, მე დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ სალომე ზურაბიშვილს განვიხილავ და მიმაჩნია, რომ პროცესი, რომელსაც ის დღეს უძღვება, ორიენტირებულია ქვეყნის დაზიანებასა და კონფლიქტში ჩართვაზე. ქალბატონი პრეზიდენტი დღეს დადის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ითხოვს ქვეყნის დასანქცირებას, პროექტების შეჩერებას, მიღწეული შედეგების გაუქმებას და ზოგადად, ქვეყნის დაზიანებას. ცნობილი ეკონომისტი ჯეფრი საქსი ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს საქართველოში მიმდინარეობს ტიპური „რეჟიმ ჩეინჯ“ ოპერაცია, რომელიც უკვე წარუმატებლად დასრულდა. არავის მიეცემა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის შესაძლებლობა და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება 90-იან წლებში“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა თავის გამოსვლაში დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, მომავალი წლის ბიუჯეტსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მან 2017 წლიდან დღემდე ქალაქის განვითარება შეაფასა.
„2017 წლის პერსპექტივიდან წარმოუდგენელი იყო ქალაქისთვის ამდენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტის გაკეთება. აქ მთავარი გამბედაობაა. ჭავჭავაძის გამზირისა და ქეთევან დედოფლის ქუჩის რეაბილიტაციას გამბედაობა და პოლიტიკური ნება სჭირდება. 2018 წელს 800 მილიონი იყო თბილისის ბიუჯეტი, დღეს 2 მილიარდზე მეტს ვამტკიცებთ. აშენდა 30-ზე მეტი საბავშვო ბაღი და 10 000-მდე ბავშვისთვის გახდა ხელმისაწვდომი განათლება.
სატრანსპორტო რეფორმის მიმართულებით ის უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ განახლდა სატრანსპორტო ავტოპარკი, არამედ 30%-ითაც გაიზარდა. დღეს ქალაქში გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტი უპრეცედენტოა რეგიონში და მსგავსი აქამდე არ განხორციელებულა არასდროს. ასობით ოჯახი გადაურჩა გარდაუვალ უსახლკარობას.
ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა გვრჩება გამოწვევები. სატრანსპორტო რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი. ქალაქში გვრჩება ავარიული საბინაო ფონდი; სამუშაოა მუნიციპალური საცხოვრისის მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
უახლესი