საქართველოში გამოყვანილ ზეთისხილის ნერგებზე დიდი მოთხოვნაა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია ქართული ზეთისხილი Georgian Olive-ს დირექტორმა ნელი გეთიაშვილმა განაცხადა, მათ სანერგეში გამოყვანილი ზეთისხილის ნერგები ექსპორტზე უკვე გავიდა აზერბაიჯანში და ყაზახეთში.
„ჩვენი სანერგე მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში. 2024 წლის დეკემბრიდან ნერგების ექსპორტი დავიწყეთ აზერბაიჯანში. საუბარია 120 ათას ნერგზე. ასევე ექსპორტი გვქონდა ყაზახეთშიც. ექსპორტის ზრდაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ჯერჯერობით მოთხოვნა უფრო მაღალია ვიდრე მიწოდება, თუმცა გავიზრდებით და უფრო მეტ ნერგს გავიტანთ ექსპორტზე“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
გარდა ნერგების რეალიზაციისა, „ქართული ზეთისხილი“, საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს კონსულტაციებსაც უწევს.
„ყაზახეთში გარდა ექსპორტისა, გავუშვით ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ადგილზე დაესწრო მათ დარგვას და ინტენსიურად უწევს მათ კონსულტაციებს. უფრო მეტიც, ჩვენი წარმომადგენელი ყაზახეთში რამდენიმეჯერ კი იყო ჩასული, ვიდრე ისინი მიწას გაამზადებდნენ. რაც შეხება აზერბაიჯანს, თავადაც აქვთ გამოცდილება, მაგრამ მათი კონსულტანტი იყო ჩამოსული და ადგილზე გაეცნო ვითარებას“, - ამბობს ნელი გეთიაშვილი.
იმისათვის, რომ ზეთისხილის ნერგების ექსპორტზე გატანა და მისი გადარგვა იქნება დასაშვები, ამ პროცესს რამდენიმე თვე სჭირდება. კომპანიამ თებერვლიდან უკვე დაიწყო ნერგების გამოყვანა და მის რეალიზაციას ოქტომბერ-ნოემბერში გეგმავს.
როგორც „ქართულ ზეთისხილში“ აცხადებენ წელს კომპანია 500 ათასი ნერგის გამოყვანას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ქართულმა ზეთისხილმა“ საქართველოში ზეთისხილის ბაღების გაშენება 2010 წლიდან დაიწყო და დღეს უკვე ფლობს 100 ჰა ზეთისხილის ბაღებს და აწარმოებს ზეითუნის ზეთს, ასევე მარინადს: შავს და მწვანეს.
უახლესი
28 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა