დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამკაულების ქართულმა ბრენდმა „ატარე“-მ ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის სამაჯური შექმნა

სამკაულების ქართულმა ბრენდმა „ატარე“-მ ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის სამაჯური შექმნა

18-06-2024 19:00:00

სამკაულების ქართულმა ბრენდმა „ატარე“-მ  ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ფეხბურთის ხაზს ქმნის. ქართული ბრენდი მომხმარებლებსა და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს სპეციალურ სამაჯურებს სთავაზობს.

სამაჯურებზე, რომელიც რეზინისგანაა დამზადებული, დატანილია სლოგანი „მიდი ჩემო საქართველო“ და ჩვენი ქვეყნის დროშებია დაპრინტული.

Business Insider Georgia-სთან „ატარეს“ თანადამფუძნებელი თამარ ამირეჯიბი ამბობს, რომ ქართული ბრენდის ინტერესის მიღმა, არასდროს არ რჩება მნიშვნელოვანი თემატიკა.

„ჩვენ ეროვნული თემატიკით სამკაულებს ვაწარმოებთ, ასევე მივყვებით იმ მნიშვნელოვან მოვლენებს რაც ხდება საქართველოსა და მსოფლიოში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც გავაკეთეთ ძალიან საინტერესო მხარდამჭერი სამაჯურები, რომლებიც უსასყიდლოდ დავარიგეთ.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში და საქართველოს ნაკრების მონაწილეობას, ეს არის უდიდესი სიხარული ქართველი გულშემატკივრებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბრენდსაც გამოეხატა ეს სიხარული და ამისთვის შევქმენით სპეციალური აქსესუარი. ეს არის „ატარეს“ სამაჯურები, რომლითაც უნდა უქომაგონ გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.

ეს აქსესუარი დამზადებულია ეროვნულ მოტივზე, ჩვენ მივყვებით მთავარ ხაზს, ეს არის ქართული კულტურისა და ანბანის პოპულარიზაცია“, - ამბობს თამარ ამირეჯიბი.

„ატარეს“ სამაჯური დამზადებულია რეზინისგან, დატანილია სლოგანი „მიდი ჩემო საქართველო“ და დაპრინტულია დროშები.

„სულ 1000 ცალი დავამზადეთ. სამაჯურები იყიდება ონლაინ, საფასურია 15 ლარი და მიწოდება 2 სამუშაო დღეში ხდება. გვაქვს ქალის და მამაკაცის ზომები. ამასთან, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს ანბანის ხაზში. თუმცა ახლა მავარი სიახლე ის, რომ საქართველოს ნაკრების საქომაგოდ დავამატეთ ფეხბურთის თემა“, - ამბობს თამარ ამირეჯიბი.

„ატარე“ ქართული ბრენდია, რომელიც განსხვავებულ, პერსონიფიცირებულ სამკაულებს ქმნის. „ატარე“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც აქსესუარებში ქართული ანბანის გამოყენება დაიწყო და მომხმარებლის ყურადღება მალევე მიიქცია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები