29-30 ივლისს საქართველოს საბანკო ასოციაცია გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე სასწავლო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის კომერციული ბანკების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
საქართველოს საბანკო ასოციაცია აგრძელებს რეგიონში პარტნიორი საბანკო ასოციაციების და მათი წევრი ბანკების მხარდაჭერას, რათა მათ გაიღრმავონ ცონდა ESG და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.
ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანის საბანკო ასოციაციების თანამშრომლობით გაიმართა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO), ავსტრიის ფედერალურ ფინანსთა სამინისტროს და საინვესტიციო კლიმატის საკონსულტაციო სერვისების დაწესებულების (FIAS) მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიების პირველ დღეს, საქართველოს საბანკო ასოციაციის და სამი კომერციული ბანკის - საქართველოს ბანკის, თიბისის და პროკრედიტ ბანკი საქართველოს წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანის 12 კომერციულ ბანკს საქართველოს საბანკო სექტორში ESG და მდგრადი დაფინანსების პრაქტიკები გააცნეს.
ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO), საქართველოს და აზერბაიჯანის საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებმა .
ღონისძიების მეორე დღეს, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბანკო ასოციაციების წევრი ბანკებისთვის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მოწვეულმა ექსპერტმა წარმართა დისკუსია თემაზე - მდგრადი ტრანსფორმაცია საფინანსო ინსტიტუტებისთვის.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ, აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობა და მდგრადი ფინანსებისა და ESG ფაქტორების გათვალისწინება მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში.
მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO), ავსტრიის ფედერალურ ფინანსთა სამინისტროს და საინვესტიციო კლიმატის საკონსულტაციო სერვისების დაწესებულებას (FIAS) იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ESG და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ახორციელებენ საქართველოში.
უახლესი