საქართველოს რკინიგზა მატარებლის დამატებითი სატვირთო ვაგონების შეძენას აპირებს. ამ მიზნით სახელმწიფო კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და მზადაა 300 ერთეულ სატვირთო ვაგონში 54 915 000 ლარი გადაიხადოს.
ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება იწყება 22 ოქტომბერს და დასრულდება 24 ოქტომბერს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმადვე, შესაძენი სატვირთო ვაგონი და მისი ყველა დეტალი და კვანძი, მათ შორის საბუქსე კვანძებიანი წყვილთვლები, ავტოსაბმელები, შთანმთქმელი აპარატები ავტორეჟიმები და სამუხრუჭე მოწყობილობები უნდა იყოს ახალი, ანუ 2023 წელს უნდა იყოს აგებული.
მიწოდებისას ვაგონის ჩარჩოს ხერხემლის ძელზე უნდა ჰქონდეს ფირნიში, რომელზეც დატანილი უნდა იყოს: დამამზადებელი ქარხნის დასახელება ან სასაქონლო ნიშანი, ვაგონის მოდელი, სახერხემლო ძელის ფოლადის მარკა, ვაგონის დამზადების წელი და ვაგონის საქარხნო ნომერი. ვაგონზე წარწერები და ნიშნები უნდა შეესაბამებოდეს ”1520მმ ლიანდაგის სატვირთო ვაგონებზე ნიშნებისა და წარწერების 632-2011პკბ ცვ ალბომ-ცნობარით” გათვალისწინებულ წარწერებსა და ნიშნებს;
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს მრავალპროფილური ტვირთის გადაზიდვას, საკმაოდ კონკურენტუნარიანი ტარიფით.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, სს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავალი 2022 წელს 388.4 მლნ ლარს შეადგენს, სწორედ ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე სს საქართველოს რკინიგზა ასუბსიდირებს მგზავრების გადაყვანას.
ამ მიმართულებით ნულოვანი მოგების მისაღწევად კომპანიამ 2022 წელს დაახლოებით 7.5 მილიონი ლარით იზარალა. გარდა ამისა კომპანიისთვის გამოწვევას წარმოადგენს მგზავრთა გადაყვანის ტარიფში ინფრასტრუქტურის ცვეთის კომპონენტის ასახვა ან აღნიშნულის დაფარვა კომპანიისთვის ხელმისაწვდომი სხვა სახსრებიდან.
სახელმწიფოს წილი: 100% (100%-იანი წილის მფლობელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2023 წლის ივნისიდან კომპანიის აქციების 50% მართვის უფლებით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს).
უახლესი