„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა და განათავსა.
როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, „თეგეტა ჰოლდინგმა“ 20 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რომელიც საცალო კლიენტებისთვის იქნა შეთავაზებული.
„ვულოცავთ ამ წარმატებას თეგეტა ჰოლდინგს, ასევე თიბისი კაპიტალს. როგორც იცით თეგეტა ჰოლდინგმა განათავსა 20 მლნ ლარის ობლიგაციები. მნიშვნელოვანი ამბავია იმ თვალსაზრისით, რომ ეს პირველი ფაქტია ჩვენი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში, როდესაც ლარში, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციები შეთავაზებული იქნა კერძო პირებისთვის, ფიზიკური პირებისთვის. ანუ საცალო კლიენტებმა შეიძინეს ეს ფასიანი ქაღალდები.
ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ლარი, ჩვენი ეროვნული ვალუტა იყო გამოყენებული და ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად იქნება კომპანია დაზღვეული, უკეთესად მართავს თავის რისკებს, ასევე გაცვლით კურსთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს.
ასევე მნიშვნელოვანია, თვითონ ფაქტი, რომ ჩვენი ფასიანი ქაღალდების ბაზარი ვითარდება, განსაკუთრებით 2023 წელი იყო წარმატებული. დღეისათვის კორპორატიული ობლიგაციების მოცულობამ, რაც არის განთავსებული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აღწევს 1 მლრდ 800 მლნ ლარის მოცულობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
განსაკუთრებით ბოლო წლებში და 2023 წელს მოხდა ბაზრის მყისიერი ზრდა. სებ-ი ამ შემთხვევაში მოქმედებს, როგორც ზედამხედველი, მაგრამ იმავდროულად ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ ბაზრის განვითარებას, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის გზით. ასეთი ახალ-ახალი პროექტები მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკა თავის პოზიტიურ შედეგებს იძლევა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ალტერნატიული დაფინანსების საშუალებას აძლევს ქართულ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს.
„ასევე ახალი უფრო ინოვაციური დაზოგვის და ინვესტირების საშუალებებს, როგორც იურიდიულ პირებს, როგორც ამ შემთხვევაში ფიზიკურ პირებს. მიხარია, რომ უდიდესი ნაწილი ამ ფიზიკური პირებისა ვინც თეგეტა ჰოლდინგის ობლიგაციები შეიძინა არიან საქართველოს მოქალაქეები.
თუმცა არიან უცხოელი ინვესტორებიც, არარეზიდენტებიც და ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ფაქტს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
უახლესი