საქართველოს ავიაბაზარი მდგრადია და ავიაკომპანიებს კონკურენციის არ ეშინიათ, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან ინტერვიუში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
„ავიაციაში არსებობს სრული სერვისის მიმწოდებელი ავია კომპანიები, როგორიცაა „თურქეთის ავიახაზები“, „ბრიტანეთის ავიახაზები“, „ლუფთჰანზა“ და ა.შ. გვაქვს ჰიბრიდული ავიაკომპანიები, რომელთაც არ აქვთ სრული სერვისი, არც დაბალბიუჯეტიანები არიან, თუმცა კომფორტის მხრივ იხრებიან სრული სერვისისკენ. ესაა „პეგასუსი“, „ტრანსავია“ და ა.შ. და გვაქვს ულტრა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, როგორიცაა „ვიზ ეარი“ და „იზი ჯეტი“. აქედან გამომდინარე ფასების მხრივაც, ბაზარი მეტ-ნაკლებად დივერსიფიცირებული გვაქვს. მნიშვნელოვანია ასევე კონკურენცია“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, 2024 წელი საქართველოს ავიაბაზრისთვის მნიშვნელოვანი იყო კონკურენციის განვითარების კუთხითაც.
„2024 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ მიმართულებითაც, რომ თუ ჩვენ დავაკვირდებით იმ პოპულარულ ავია მიმართულებებს, როგორიცაა პარიზი, მილანი, ახლა უკვე ლონდონი და ა.შ. ვხედავთ რომ მხოლოდ ერთი ავია კომპანია არ დომინირებს ამ მიმართულებაზე, არამედ, უკვე ორ-სამ კომპანიას. რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარი არის მდგრადი და ავიაკომპანიებს კონკურენციის არ ეშინიათ.
შესაბამისად, ეს მიმართულებები განვითარებულია იმ დონეზე, რომ ორი და სამი ავიაკომპანია თამამად შედის ბაზარზე და თუნდაც ლონდონის მიმართულება, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო აქტიური და მგზავრები ტრანზიტით გადაგვყავდა, ორი უზარმაზარი ავიაკომპანია ერთმანეთს შეეჯიბრება და შესაბამისად ფასისმიერი განსხვავება იქნება.
ჩვენ მშვიდად ვართ ამ მიმართულებით, რადგან „ბრიტანეთის ავიახაზები“ გვთავაზობს ძალიან კარგ კავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სეზონის მიხედვით 10-დან 12 ფრენამდე აქვს, ეს ავიახაზები „ამერიკან ეარლაინსის“ პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ამერიკელებს აქვთ შესაძლებლობა ამ კომპანიის ვებგვარდზე შეიძინონ ბილეთი საქართველოს მიმართულებით ფრენებზე. კერძოდ, თბილისი -ნიუ-იორკი-თბილისის მიმართულებაზე ზედმეტი შემოვლითი გზების გარეშე შეეძლებათ ბილეთების შეძენა, რაც სტიმულირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
უახლესი
5 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება