დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან რუსეთში ავტომობილების რეექსპორტში მცირე კლებაა მოსალოდნელი - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

საქართველოდან რუსეთში ავტომობილების რეექსპორტში მცირე კლებაა მოსალოდნელი - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

20-04-2023 18:01:14

რუსეთის ბაზარზე ავტომობილების რეექსპორტის მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაცილებით კარგი პოზიციები აქვთ ალტერნატიულ ბაზრებზე, სადაც მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი.

ავტომობილების იმპორტიორთა ასოციაციის დირექტორი ლაშა დარბაისელი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანში, სომხეთსა და შუა აზიის რამდენიმე ქვეყანაში გადის, რაც ბიზნესისთვის პრიორიტეტია.

ლაშა დარბაისელის განცხადებით, მომდევნო პერიოდში საქართველოდან რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი მცირედით შეიცვლება. ამ მხრივ გავლენას საკანონმდებლო ცვლილება მოახდენს, რომლის მიხედვითაც, საქართველომ შეწყვიტა რუსეთის მიმართულებით ისეთი ტრანზიტული ავტომობილების გაშვება, რომელთა ღირებულებაც 50 000 ევროზე მეტია.

„რეექსპორტი რუსეთის ბაზარზე 9,500%-ით გაიზარდა, ჩვენ ამავე დროს 700%-იანი ზრდა გვაქვს ყაზახეთის მიმართულებით. დიდი მოთხოვნაა ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, ასევე ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთანაც, ეს ბაზრები ჩვენთვის გაცილებით პრიორიტეტია.

კარგი იქნება, თუ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ნელ-ნელა შემცირდება, რაც ნაკლები იქნება ეს კავშირი, მით მეტად სტაბილური ვიქნებით, ვინაიდან ყოველთვის შეიძლება პრობლემა შეიქმნას აგრესორი ქვეყნიდან სანქციების კუთხით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით. ბიზნესს გათავისებული აქვს, რომ რუსეთთან საგარეო ვაჭრობა სანქციების თვალსაზრისით დიდ საფრთხეს შეიცავს, ამიტომ ძვირადღირებული ავტომობილების რუსეთში გატანაზე აკრძალვა დაწესდა, რაც ბაზარს გარკვეულწილად რისკისგან დაიცავს.

ვფიქრობ, მცირედით შემცირდება რეექსპორტი, მაგრამ ამით დიდად არავინ დაზარალდება, რადგან რუსეთის ბაზარზე 50 000 ევროზე მეტი ღირებულების მანქანების რეექსპორტი ისედაც არ არის აქტიური ", - ამბობს ლაშა დარბაისელი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთში საქონლის ექსპორტი 61%-ით, $177 მილიონამდე გაზარდა. რუსეთის ბაზარზე მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა აღნიშნულ პერიოდში ში $22 მილიონი შეადგინა, მატება 9,500%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანში - $99.68 მილიონის ღირებულების 7,348 ავტომობილი გავიდა, სომხეთში - ($87.29 მილიონის) 4,845 ავტომობილი, 
ყაზახეთში - $87.17 მილიონის ( 4,757 ავტომობილი); ყირგიზეთში - $87.12 მილიონი 2,398 ავტომობილი, ხოლო რუსეთში - $21.61 მილიონის ღირებულების 1,544 ავტომობილი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები