საქართველო როგორც ქვეყანა უნიკალური საინვესტიციო თემაა, ყამირი მიწაა, - ამბობს ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“ განაცხადა, რომ საქართველოში ბევრია პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი.
„საქართველოში რამდენიმე ინვესტორი მყავს შემოყვანილი და მეუბნებიან, რომ შენ როცა გისმენთ, რაც ტელევიზიით ხანდახან გადმოიცემა გვავიწყდება, თითქოს არც გვინახავსო. რა თქმა უნდა საქართველოში არის პრობლემები და ყველა ქვეყანაშია, რომელიც ინვესტორისთვის ძალიან დამაფიქრებელია. პერიოდულად ისეთი ამოვარდნებია ინფორმაციული, ბიზნესს საერთოდ ტალღები არ უყვარს. ტალღებში ხშირად პრობლემებია და ხანდახან ხდება ჩაძირვაც. თუმცაღა ხანდახან ბიზნესი ამ ტალღებისთვისაც მზად არის. საქართველო როგორც ქვეყანა უნიკალური საინვესტიციო თემაა, ყამირი მიწაა. იმდენი რამე შეიძლება გააკეთო და იმდენი რამე შეიძლება მოაწყო, ჩვენი ბუნება, ჩვენი კლიმატი, წყლები, მთები, ჩვენი თოვლიც კი უნიკალურია.
ბოლო პერიოდში რაც ფეხბურთთან დაკავშირებით მოხდა ძალიან გამიხარდა. ოცნება იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის მიეღწია. ამ ბიჭებმა შეძლეს და გააკეთეს ის, რაც თაობების სურვილი იყო. ამ ბავშვებმა შეძლეს ის, რომ საქართველო გააცნეს მთელს მსოფლიოს. რასაც მე წლებია სლოვაკეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის საქმეებს ვაკეთებ, ამ ბიჭებმა რამდენიმე დღეში 10-ჯერ მეტი გააკეთეს.
როდესაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი გაიტანა 3 წუთის განმავლობაში სულ მცირე 100 სმს მაინც შემომივიდა სლოვაკეთიდან. არ ვსაუბრობ მინისტრზე, მთავრობის წევრზე თუ პარლამენტის წევრზე, ზოგი აღარც მახსოვს - „აუ რა გუნდია საქართველო“, „აუ რა მაგრები ყოფილან“. ეს საამაყოა, აბა რა არის. ეს არის მაგალითი იმისა, რომ თუ გინდა, რომ საქმე გააკეთო ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა. მთავარია დაიჯერო, შენ თავად გწამდეს და გიყვარდეს შენი ქვეყანა და ყველაფერი გააკეთო მისთვის. პირველივე მარცხზე ხელები არ უნდა ჩამოუშვა. პირიქით უფრო მეტად ორგანიზებული უნდა გახდე. შენი გზა დასახო და ამ გზას გაჰყვე. ხან მარცხნიდან მოუვლი, ხან მარჯვნიდან, მაგრამ მთავარია, რომ სამიზნე წერტილში მიხვიდე.
ეს იყო მიზანი, რომ უნდა აშენებულიყო მინი ქალაქი და ეს იდეა 12 წელია იხარშება და მზადდება. 50 წლის ვიყავი ბიზნესი რომ დავიწყე. მანამდე სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურებში ვიყავი. დღეს 72 წლის ვარ. ანუ 22 წელი გავიდა. ამ 22 წლიდან რაც ბიზნესში ვარ 12 წელია სხვა პროექტებთან ერთად ამ საკითხზეც ვმუშაობ. მაგრამ ხომ მოვიყვანე ამ მდგომარეობამდე? ხომ დაიწყო მშენებლობა? ახლა ხომ ამ ამუშავებულ ტრაქტორს ვერაფერი გააჩერებს? ასე, რომ 7-8 წლის შემდეგ აქ იქნება განაშენიანებული კურორტი. ანუ საბოლოოდ 20 წლის შრომის მასშტაბში შეიქმნება უნიკალური რამ, რომლის მსგავსიც არ არის“, - აღნიშნა ინტერვიუში ნოდარ გიორგაძემ.
უახლესი
49 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა