დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი

საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი

27-12-2023 15:30:00

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,“ – აცხადებენ უწყებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა გამთენიისას მოახდინა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა. ამის შესახებ დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლაშა აშუბამ  „პარლამენტის“ შენობასთან 26 დეკემბრის საღამოდან შეკრებილ ხალხს, რომელიც შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებოდა.

"აფსნიპრესის" თანახმად, შეთანხმების რატიფიცირებას 28 ე.წ დეპუტატიდან 26-მა დაუჭირა მხარი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები