ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ანგარიში აერთიანებს როგორც საინვესტიციო საქმიანობის, ისე ადმინისტრაციის ნაწილებს.
„2022 წლის განმავლობაში პორტფელის დივერსიფიცირებისთვის აქტიურად მიმდინარეობდა სავაჭრო ინფრასტრუქტურის გამართვის სამუშაოები. შესაბამისად, 2022 წლის მარტში საინვესტიციო სამსახურმა ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვა დაიწყო, ხოლო აპრილიდან წარმატებით განხორციელდა პირველი ინვესტიცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების განსახორციელებლად საინვესტიციო სამსახური აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებას უმსხვილეს საინვესტიციო ბანკებთან“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში დასაშვები იყო მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში, შესაბამისად, 2022 წლის განმავლობაში ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებად რისკიან პორტფელში, კანონით განსაზღვრული შეზღუდვებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 2 მლრდ 947 მლნ ლარს შეადგენდა, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული ამონაგები 436 მილიონ ლარზე მეტია. საანგარიშო პერიოდის ბოლოს საინვესტიციო პორტფელის 81,2% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 18,8% - უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. სააგენტო თანხების ინვესტირებას არ ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებში.
მომხსენებელმა, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების სტატისტიკასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 12 ათას 193 დამსაქმებელი და თვითდასაქმებული და გაწევრიანდა 124 ათასზე მეტი დასაქმებული. შედეგად, საპენსიო სქემაში დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში ერთი მილიონ 359 ათას 887 შეადგინა.
კომიტეტმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირა.
უახლესი
1 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე3 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს3 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა