„ქართული ლუდის კომპანია“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საკუთარი ავტოპარკის 100%-ით ელექტრომობილებით შევსების გადაწყვეტილება მიიღო და გეგმის აღსრულებას შეუდგა კიდეც. ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის მიზანს სრულიად „მწვანე“ ავტომობილებით ოპერირება წარმოადგენს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე განმარტავს, „ქართული ლუდის კომპანიის“ სადისტრიბუციო ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი დასრულებულია და თბილისში 20 ელექტრომობილი „ზედაზენის“ სადისტრიბუციო ქსელს უკვე ემსახურება.
„საქართველოში ვართ პირველი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უახლოეს პერიოდში საკუთარი ავტოპარკი 100%-ით ეკომეგობრული გახადოს და გადავიდეს ნულოვანი ემისიების ელექტრომობილებზე.
საწყის ეტაპზე შემოვიყვანეთ 20 ელექტრომობილი, სექტემბრის ბოლომდე ჩვენს სადისტრიბუციო ქსელს კიდევ 20 ელექტრომობილი დაემატება. ამ მოცემულობით გამოვა, რომ 2024 წლის ბოლომდე მხოლოდ თბილისის სადისტრიბუციო ავტოპარკი 80%-ით იქნება განახლებული. პარალელურად გავაგრძელებთ რეგიონების სადისტრიბუციო ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას. არსებული გეგმით, 2025 წლის ბოლომდე კომპანიის ყველა სადისტრიბუციო ავტომობილი იქნება განახლებული და ყველა ავტომობილი იქნება ელექტრო.
„ქართული ლუდის კომპანია“ მიისწრაფვის ეკომეგობრული კომპანიის სტატუსისთვის და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისეთი ახალი ტექნოლოგიები დანერგოს, რითაც გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
კახაბერ კოტრიკაძის თქმით, სს „ქართული ლუდის კომპანიისთვის“ ელექტრომობილებზე გადასვლა ფინანსურადაც საკმაოდ მომგებიანი პროექტია, რადგანაც კომპანიის ხარჯებში დისტრიბიციას საკმაოდ დიდი წილი აქვს.
„სადისტრიბუციო ავტომობილების პარკის 100%-ით ელექტრომობილებით დაკომპლექტება კომპანიისთვის საკმაოდ ეფექტური და გონივრული გადაწყვეტილებაა. ჩვენთვის, კვლავ და კვლავ, პრიორიტეტია, რომ ვიყოთ ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია და სწრაფად და ადეკვატურად ვპასუხობდეთ მსოფლიო გლობალურ გამოწვევებს“, - განმარტავს კოტრიკაძე.
რაც შეეხება ელექტრომობილების დამტენებს, საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული დამტენი სადგურების რაოდენობა, სრულად პასუხობს მოთხოვნას. ცხადია, მათი რაოდენობა ეტაპობრივად ავტომობილების მატების პარალელურად გაიზრდება .
უახლესი
26 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა