„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა და წამყვანმა გიორგი აბაშიშვილმა ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის მაჩვენებლები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ IT სექტორში მაღალი შემოსავლებია და ასევე საქართველო მიმზიდველი აღმოჩნდა რელოკაციისთვის. მისივე განმარტებით, სექტორის ზრდას საგადასახადო შეღავათების დაწესების შემდეგ შეუქცევადი ხასიათი აქვს.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორზე, ICT სექტორზე, სადაც გვაქვს შთამბეჭდავი მონაცემები. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გამოიხატებოდა ორნიშნა მაჩვენებელში. მიმდინარე პერიოდშიც მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. თუმცა თუ შევადარებთ ცალკე აღებულ ICT სექტორის ზრდას, რომელიც 27,4%-ს შეადგენს, დავინახავთ თუ როგორი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. რაც ავტომატურად ხაზს უსვამს ICT სექტორის დიდ ნახტომს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იმ პერსპექტივას, რაც სექტორშია.
თუ დავაკვირდებით IT სექტორის შემოსავლებს, ბოლოს ის 2,4 მლრდ ლარია. 2020 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები და შედეგად მაღალი შემოსავლები ფიქსირდება. (2020 წელი - 0,2 მლრდ ლარი, 2021 წელი - 0,4 მლრდ ლარი, 2022 წელი - 1,7 მლრდ ლარი, 2023 წელი - 2,4 მლრდ ლარი). 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ზრდა 43,8%-ია და მიმდინარე მაჩვენებლებიდან გამომდინარე წელს უკეთეს შედეგს მივიღებთ.
IT სექტორის სერვისების ექსპორტის მიმართულებით სახეზეა 38,1%-იანი ზრდა. IT სექტორის საერთო შემოსავლებში უდიდესი ნაწილი სწორედ სერვისების ექსპორტზე მოდის. ანუ ჩვენგან ვემსახურებით სხვა ქვეყნებს. საინტერესოა თუ რომელი ქვეყნებია, რომელიც საქართველოდან იფარება. ვხედავთ, რომ პირველ ადგილზე (26%) აშშ-ია, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (15%), მალტა (11%), ნიდერლანდები (9%), გერმანია (8%) და სხვა. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, საქართველოს მიმზიდველ გარემოს IT სერვისების საწარმოებლად და შემდგომ მისი მომსახურების ექსპორტისთვის.
IT სექტორში ვხედავთ დასაქმების მაღალ და დინამიკურ მაჩვენებლებს. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ზრდა 64,4%-ია. ბუნებრივია, რომ სულ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოში აღნიშნული მიმართულებით საქმიანობა.
აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, პირველი, რომ IT სექტორში მაღალი შემოსავლებია და მეორე, რომ საქართველო მიმზიდველი აღმოჩნდა რელოკაციისთვის, ანუ საქართველოში კომპანიების გადმოტანისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს განსაკუთრებული საგადასახადო შეღავათების IT სექტორისთვის.
2023 წლის მაჩვენებლებით IT სექტორში საშუალო ანაზღაურება 6940 ლარია.
მნიშვნელოვანია, რომ განათლების სექტორში სულ უფრო ხდება იმ ფაკულტეტების და იმ სკოლების წინ წამოწევა, რომელიც ტექნოლოგიებს უკავშირდება“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება