ზამთრის ტურისტულ სეზონზე ქართული ავიაკომპანია TCA Airlines-ის სერვისებზე მაღალი მოთხოვნაა. როგორც ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი თემურ ლელაძე აცხადებს, მიმდინარე ზამთრისთვის არსებული ჯავშნები გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით უკვე 35%-იან ზრდას აჩვენებს.
„მოგეხსენებათ, რომ ავიაციაში 2 ძირითად დატვირთვის სეზონია, ესაა ზაფხულის სანავიგაციო სეზონი და ზამთრის სანავიგაციო სეზონი. ზამთრის სეზონისთვის მზადება ჯერ კიდევ ზაფხულში დავიწყეთ და გავხსენით ჯავშნების მიღება. ძირითადი მოთხოვნა ზამთარში არის სამთო სათხილამურო კურორტებზე. მოთხოვნა არის ჰელისკზე, ანუ როცა ვერტმფრენით აგვყავს მოთხილამურეები და გაუკვალავ თოვლში ეშვებიან. არის ასევე მოთხოვნა სამედიცინო-საევაკუაციო ვერტმფრენზე. მოგეხსენებათ, რომ ფრირაიდის ტურნირები ტარდება და ყველა ტურნირზე არის მოთხოვნა, რომ ჩვენი სამედიცინო-საევაკუაციო ვერტმფრენი იყოს მობილიზებული გადაუდებელი შემთხვევის დროს საჰაერო გზით ტრანსპორტირებისათვის. ასევე მოთხოვნადია ჩვენი ვერტმფრენები მთაში სამონტაჟო სამუშაოების საწარმოებლად. საუბარია ზვავ საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟზე და მაღალმთიან რეგიონებში კოტეჯების და მთამსვლელებისთვის მინი ბაზების შექმნაზე, რასაც ჩვენი შვეულმფრენებით შემოდგომიდან ზამთრის პერიოდის განმავლობაში ვემსახურებით“, - განმარტავს TCA-ს კომერციული დირექტორი.
ევროპელი და ახლო აღმოსავლეთიდან დაკვეთების ზრდის პარალელურად, ავიაკომპანიის ხელმძღვანელი ხაზგასმით აცხადებს, რომ წელს ავიაკომპანიის სერვისებზე მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან ყაზახეთიდან.
„ყაზახეთსაც აქვს ზამთრის კურორტები, მაგრამ მათი ინტერესი ჩვენი კურორტებს მიმართულებით დღითიდღე იზრდება, საუბარია გუდაურსა და სვანეთზე“, აცხადებს TCA-ს კომერციული დირექტორი.
თემურ ლელაძე ამბობს, რომ ზოგადად ზამთრის ტურისტულ სეზონზე TCA-ს სერვისებზე და მის საჰაერო ხომალდებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მოთხოვნა 40-50%-ით იზრდება. თუმცა ამ ეტაპისთვის ავიაკომპანია ავიაპარკის ზრდას არ განიხილავს, რადგანაც მიმდინარე მოთხოვნას არსებული ავიაპარკით თავისუფლად აკმაყოფილებს.
„ავიაპარკის ზრდა ამ ეტაპზე განხილვაში არ არის, რადგანაც არსებულ მოთხოვნას ჩვენი ავიაპარკით ვუმკლავდებით და ვაკმაყოფილებთ. როგორც კი მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება აუცილებლად დაიწყება ავიაპარკის ზრდის განხილვა“, - ამბობს ავიაკომპანია TCA-ს კომერციული დირექტორი.
უახლესი
22 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა