დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ შევარჩიოთ ნიადაგი მცენარისთვის?

როგორ შევარჩიოთ ნიადაგი მცენარისთვის?

02-06-2024 01:44:00

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება მცენარეების გადარგვა, მოვლა, ნიადაგზე ზრუნვა. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა მცენარეებს ნიადაგის შეცვლა სჭირდებათ.

როგორც ცნობილია, ქოთნის ყვავილები სათუთი ბუნებით გამოირჩევიან და მათ მუდმივი ყურადღება და მოვლა სჭირდებათ.  სპეციფიკიდან გამომდინარე, ისინი წელიწადის სხვადასხვა სეზონზე განსხვავებული მეთოდით ითხოვენ ზრუნვას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყვავილებისთვის სეზონისთვის შესაფერისი პირობების შექმნა, რათა მათი სასიცოცხლო ციკლი მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ.

ამისათვის კი საჭიროა, ვიცოდეთ ის წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ ქოთნის ყვავილის მოვლის დროს.

მცენარის გადარგვისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მისთვის სწორად შერჩეული ნიადაგი. მაგალითისთვის, შეგიძლიათ, შეიძინოთ უნივერსალური ნიადაგი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მცენარეზე.

ნიადაგის ტიპები განსხვავებულია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყვავილისთვის ნიადაგი ინდივიდუალურად შევარჩიოთ,  საჭიროებიდან გამომდინარე.

მიწა, რომელშიც ყვავილს ვრგავთ, რა თქმა უნდა, განოყიერებული უნდა იყოს. ასევე აუცილებელია მისი მინერალებითა და სასუქით გაჯერება.

უნივერსალური ნიადაგი შავი მიწისგან განსხვავებით შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რომლებიც ხელს უწყობს მცენარის ზრდა-განვითარების პროცესს. მაგალითად, აღნიშნული ნიადაგის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია პერლიტი ან ვერმიკულიტი. ორივე მათგანი ხელს უწყობს ჰაერაციას, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, იწოვს ჭარბი რაოდენობით წყალს და მცენარეს იცავს ლპობისგან. პერლიტისა და ვერმიკულიტის თვისებები მსგავსია, განსხვავება მათ შემადგენლობაშია, კერძოდ კი, პერლიტი არ შეიცავს მინარევებს, განსხვავებით ვერმიკულიტისგან. გარდა ამისა, დამატებითი კომპონენტი გახლავთ ბიოჰუმუსი. ბიოჰუმუსი არის გადამწვარი ნაკელი, რომელიც გადამუშავებულია ჭიაყელების მიერ. ის ზრდის მოსავლიანობას, აჩქარებს მცენარის ზრდის პროცესს და სასარგებლოა ყველა ტიპის მცენარისთვის.

რაც შეეხება შავ მიწას (დანამატების გარეშე), შავ მიწაში შეგვიძლია, გავახაროთ ხე-მცენარეები, ვარდები და ნეიტრალური ნიადაგის მოყვარული სხვა მცენარეები.

თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ უნივერსალური ნიადაგი მცენარეებისთვის ან იყიდოთ ცალ-ცალკე თითოეული კომპონენტი და შეურიოთ თქვენთვის სასურველი პროპორციებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნაც, რომ არსებობს მცენარეთა კონკრეტულ სეგმენტებზე გათვლილი ნიადაგი. მაგალითად, არსებობს ნიადაგი კაქტუსებისა და სუკულენტებისთვის, რომელიც გახლავთ უხეში და ქვაღორღიანი. იების ნიადაგი გახლავთ შედარებით მსუბუქი და ჰაეროვანი, მასში დიდი რაოდენობითაა ტორფი.

ასევე, ცალკე უნდა გამოვყოთ ორქიდეების ნიადაგი, რომელიც შედგება ქოქოსის ჩიფსისგან, ხის ქერქისა და სფანგნუმის ხავსისგან. მასში მეტი კონცენტრაციითაა ქოქოსის ჩიფსი (დაახლოებით 60%). დამატებით შეგვიძლია, ყურადღება გავამახვილოთ ბოსტნეულისა და ხეხილის ნიადაგზე. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ნიადაგის შერჩევისას დავიცვათ მჟავიანობის ბალანსი. კერძოდ, ტროპიკული მცენარეები თავს მეტად კომფორტულად გრძნობენ მჟავე ნიადაგში. ზოგი მცენარე კი - პირიქით, ნეიტრალურ ნიადაგს ანიჭებს უპირატესობას.

მცენარის ქოთანში გადარგვის პირველი საფეხურია ქოთნის დრენაჟით უზრუნველყოფა. დრენაჟისთვის გამოიყენება კერამზიტისა და პემზის კენჭები. მათ  ერთნაირი თვისებები აქვთ: ჰაერაცია, ტენის შენარჩუნება და ზედმეტი წყლის შეწოვა (2-3სმ სისქეზე, დამოკიდებულია ქოთნის მოცულობაზე).

გაითვალისწინეთ- კენჭები ქოთნის ძირში უნდა განათავსოთ ერთ ან ორ ფენად.

ტორფი - ტორფის ნიადაგში შერევა ძირითადად იმ მიზნით ხდება, რომ ნიადაგს მივანიჭოთ მეტი სიმსუბუქე და ნიადაგი იყოს მეტად ჰაეროვანი, მსუბუქი, დაბალანსებული. ტორფის თვისება არ არის მხოლოდ ნიადაგში მისი შერევა, ტორფი გამოიყენება თესლის სწრაფად განვითარებისთვისაც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ არსებობს მჟავე ტორფი და არსებობს ნეიტრალური ტორფი.  ტროპიკული მცენარეები თავს მეტად კომფორტულად გრძნობენ მჟავე არეში, ამიტომ უმჯობესია, ნიადაგში მჟავე ტორფის შერევა საჭირო თანაფარდობით.

აქვე, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მარკეტში შეძენილი მცენარეების უმეტესობა მოთავსებულია ტორფში და არა მიწაში. ტორფი არ შეიცავს მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო მინერალებს. ამიტომ აუცილებელია, რომ შეძენიდან რამდენიმე დღეში გადავრგოთ მცენარე და გადავიტანოთ  საცხოვრებელ სუბსტრატში.

ტორფი არის სტერილური, ანუ მასში არ არის მიკრობები.

სასუქი მცენარის ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, სწორედ ამიტომ, მცენარის აქტიური  ზრდის პერიოდში აუცილებელია მცენარისთვის სასუქის მიცემა. გარდა ამისა, სასუქის გამოყენება შესაძლებელია მცენარის გადარგვის პროცესშიც. გადარგვის დასრულების შემდეგ მცენარის მორწყვის დროს შესაძლებელია ფესვების სტიმულატორის გამოყენება, რათა მცენარემ მარტივად აითვისოს ქოთნის სივრცე.

არსებობს სამი ტიპის სასუქი:

  • თხევადი სასუქი - ის აუცილებლად უნდა გაზავდეს წყალთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივაწოდოთ მცენარეს, აუცილებლად მორწყული ნიადაგის შემდგომ.
  • ხანგრძლივი მოქმედების სასუქი - ის ფხვნილის სახით არის წარმოდგენილი და ხდება მისი სუბსტრატში შერევა. თხევად სასუქთან შედარებით ის უფრო ნელა მოქმედებს;
  • არაფესვური სასუქი - ანუ ე.წ. ფოთლებზე შესასხურებელი სასუქი.

მცენარის საკვები ნივთიერებიდან შეგვიძლია გამოვყოთ აზოტი, კალიუმი და ფოსფორი. აზოტი ეხმარება მცენარეს ფოთლოვანი მასის წარმოქმნაში. კალიუმი ხელს უწყობს ძლიერი ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებას. რაც შეეხება ფოსფორს, ის ავითარებს აღმონაცენს, აღვივებს თესლს, ხელს უწყობს ნაყოფის სწრაფად მომწიფებას. იმ შემთხვევაში კი თუ მცენარეს გააჩნია აღნიშნული კომპონენტების ნაკლებობა, შესაძლებელია, უზრუნველვყოთ შესაბამისი სასუქით.

აზოტის და ფოსფორის ნაკლებობა შეგვიძლია მცენარის ფოთოლზე დაკვირვებით გავარკვიოთ.

მცენარეებისთვის ქოთნის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მცენარის სასიცოცხლო ციკლზე ზრუნვის დროს მისი მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს გრუნტის მოცულობას. აუცილებელია, მცენარე გადავრგოთ 2-3სმ ან 4-5სმ-ით დიდ ქოთანში. ეს ყოველივე დამოკიდებულია თავდაპირველი ქოთნის მოცულობაზე. მცენარეს ქოთანი თანდათანობით, ეტაპობრივად უნდა გავუზარდოთ, რათა მცენარისთვის მარტივი იყოს სივრცის ათვისება.

მცენარისთვის წყლის ნაკლებობის მსგავსად, მისი ჭარბად მიწოდებაც მავნებელია. სწორედ ამიტომ,  მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ სარწყავი სისტემა.

გაზაფხული მცენარის გადასარგავად კარგი დროა. ამ დროს მათი ზრდა იწყება. მცენარეებს მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდებათ, როცა მიწის ზედა შრე შეშრება.

საზოგადოებისთვის ცნობილი მცენარეა ორქიდეა და ამიტომ გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ. ორქიდეებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. მათ რგავენ სპეციალურ, ორქიდეას ნიადაგში, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ქოქოსის ქერქს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორქიდეა უნდა ჩაირგოს გამჭვირვალე ქოთანში, რათა ფესვები იყოს მაქსიმალურად ხილვადი. ორქიდეა გახლავთ სპეციფიკური მცენარე მისი მორწყვის თავისებურებებიდან გამომდინარეც. კერძოდ, მცენარე უნდა მოირწყას განცალკევებულ წყლიან ჭურჭელში მოთავსებით. რაც შეეხება ორქიდეას სასუქით უზრუნველყოფას, არსებობს სპეციალური სასუქები, რომელთა წყალში გახსნაც აუცილებელია ეტიკეტზე დატანილი თანაფარდობით.

რაც შეეხება სუკულენტებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ მეტად უხეშ და ქვაღორღიან ნიადაგში. სხვა მცენარეებთან შედარებით, მათ მორწყვა ნაკლები სიხშირით სჭირდებათ. ზამთარში შესაძლებელია 2 თვეში ერთხელაც კი მოირწყას და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დამატებითი განათება სჭირდებათ.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ მცენარეს ესაჭიროება სპეციფიკური მოვლა.  აუცილებელია, რომ მცენარის შეძენის შემდგომ გავარკვიოთ მისი თავისებურებები და ინფორმაციის მოძიების შემდეგ შევურჩიოთ საჭირო ნიადაგი, ქოთანი და ადგილი. მნიშვნელოვანია მორწყვის გაკონტროლებაც.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები