დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ განვასხვავოთ თაღლითური online მაღაზია ნამდვილისგან

როგორ განვასხვავოთ თაღლითური online მაღაზია ნამდვილისგან

20-06-2023 18:20:03

ონლაინ მაღაზიები, რომლებიც წარმოუდგენლად დაბალ ფასად გთავაზობენ სხვადასხვა ნივთებს (ტანსაცმელი, აქსესუარები, უახლესი მოდელის მობილური ტელეფონები, ა.შ.) ხშირად წარმოადგენენ თაღლითურ ვებ-გვერდებს: ისინი ინიღბებიან ჩვენთვის ნაცნობი ბრენდების სახელით და გვთავაზობენ ბრენდის იდენტურ პროდუქციას, სინამდვილეში კი არც არაფერს ყიდიან. თქვენ ამ ნივთებს არასდროს არ მიიღებთ და რაც სამწუხარო და საყურადღებოა - მხოლოდ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს გააზიარებთ ამ თაღლითურ ვებ-გვერდებზე და შედეგად ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან თანხა.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენთვის აქამდე უცნობ ონლაინ მაღაზიაში ვაჭრობის დაწყებამდე? როგორ მივხვდეთ, რომ გვერდი სავარაუდოდ თაღლითურია და როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ თაღლითური ვებ-გვერდის ტიპიური ნიშნები უგულებელვყავით სიჩქარეში ან განსაკუთრებული შეთავაზებით მოხიბლულნი, მაინც დავრეგისტრირდით ამ ვებ-გვერდზე და გავაზიარეთ საბანკო ბარათის სრული მონაცემები?

სახარბიელო შეთავაზებაზე დათანხმებამდე და ბარათის მონაცემების შეყვანამდე:

1. დაათვალიერეთ თქვენთვის აქამდე უცნობი ვებ-გვერდი და დააკვირდით: ტექსტში შეცდომებს, დაბალი ხარისხის ფოტოების არსებობას, თვალი გადაავლეთ ჩვენ შესახებ განყოფილებას (ხშირად ის არ იძებნება), საკონტაქტო ინფორმაციის არსებობას (ხშირად არ არის მითითებული ან ისევდაისევ გაურკვეველი ელ-ფოსტის მისამართია მითითებული), გახსენით საიტის სარგებლობის პირობები,  კონფიდენციალურობის განცხადება და გაეცანით ნივთის დაბრუნების პოლიტიკას (თუ ასეთი არ არსებობს, თქვენ ნამდვილად თაღლითურ ვებ-გვერდზე ხართ). ძალიან ბევრი შეცდომა შეგხვდებათ ტექსტებში, ხშირად ის პირდაპირ ნათარგმნი ტექსტია, რაც თაღლითურ ვებ-გვერდებს ახასიათებთ.

2. შეამოწმეთ ონლაინ მაღაზიის არსებობა სხვადასხვა არხებში:
მოძებნეთ საძიებო სისტემით (
Google ან სხვა) ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდის დასახელება და ასევე, ამ ვებ-გვერდზე მითითბეული საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართი, მოძებნეთ ორივე Scamwatcher რესურსზე (თუ დაფიქსირდა რომელიმე, ე.ი. თაღლითურ ვებ-გვერდთან გაქვთ საქმე) და ასევე წაიკითხეთ ამ მაღაზიის შეფასებები სხვადასხვა სოც მედიაში, თუ ვერც ერთი შეფასება ვერ მოძებნეთ, ეს უნდა იყოს თქვენთვის დამაფიქრებელი ნიშანი.

3. ბრაუზერში თქვენ თვითონ აკრიფეთ მაღაზიის დასახელება, როგორც ის თქვენთვის აქამდე იყო ცნობილი, ან თუ პირველად შედიხართ ბრენდის ვებ-გვერდზე, ყოველთვის მოძებნეთ ამ ბრენდის ოფიციალური გვერდი  (დასახელება + official site და მხოლოდ ოფიციალური გვერდიდან განახორციელეთ ნივთების შეძენა.

4ონლაინ მაღაზიის/ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასვლისას დააკვრიდით ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართს და დაადარეთ რეკლამაში მითითებულს (ჩვეულებისამებრ, მაღაზიის დასახელება არის ოფიციალური ბრენდის იდენტური და მოკლე).

5. და ბოლოს, შესაძენი ნივთის წარმოუდგენლად დაბალი ფასი -  ეს არის საბოლოო ნიშანი იმისა, რომელმაც უნდა დაგვაფიქროს, თაღლითობას ხომ არ აქვს ადგილი: თუ პირობითად, ნივთის რეალური ღირებულბა არის 100 ლარი და თქვენ მას 10 ლარად გთავაზობენ - დიდი ალბათობით თქვენ თაღლითობასთან გაქვთ საქმე.

საყურადღებოა, ასევე სხვა გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ შესაძლო თაღლითურ მაღაზიაზე:  შეკვეთის განთავსების შემდეგ თუ თანხის ჩამოჭრის sms-ში და ელ-ფოსტაზე მიღებულ შეკვეთის დადასტურების შეტყობინებაში გამომგზავნის ელ-ფოსტის მისამართი არ შეიცავს მაღაზიის დასახელებას, ეს უნდა იყოს თქვენთვის საყურადღებო მინიშნება.


როგორ მოვიქცეთ, თუ ყველა ეს რჩევა ვერ, ან არ გავითვალისწინეთ, ან რომელიმე გამოგვრჩა და გვიან მივხვდით, რომ თაღლითურ ონლაინ მაღაზიაში განვახორციელეთ შესყიდვა:

ü  უმალვე დაბლოკეთ ბარათი ინტერნეტ-ბანკიდან, ან ქოლ-ცენტრის მეშვეობით, ის ბარათი აღარ გამოიყენოთ და შეუკვეთეთ ახალი;

ü  ეცადეთ თაღლითურ ვებ-გვერდზე შეკვეთის გაუქმება და თუ გაუქმების დადასტურებას მიიღებთ, შეინახეთ ის (დაგჭირდებათ ჩამოჭრის გასაჩივრებისას);

ü  განაცხადეთ თქვენი ბარათის მომსახურე ბანკში თქვენი დასაბუთებული ეჭვის თაობაზე, რომ თაღლითურ ონლაინ მაღაზიაში (თან გქონდეთ შეკვეთის დასტური და გაუქმების შეტყობინებები) შეიყვანეთ საბარათე მონაცემები;

ü  განაახლეთ პაროლი ყველგან, სადაც ამ თაღლითურ მაღაზიაში რეგისტრაციისას შეიყვანეთ (თუ ის მეორდება თქვენს სხვა ანგარიშებზე)

ü  შეამოწმეთ თქვენი მოწყობილობა ვირუსებზე (ანტივირუსი აქტიური) და

ü  შემდეგში იყავით მეტად ფრთხილად საბარათე მონაცემების გაზიარებისას.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები