საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის, STEM ოლიმპიადის ფინალისტები აქტიურად ემზადებიან ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად.
წელს პროექტში 200-მდე სკოლა მონაწილეობდა, ფინალში კი საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლის გუნდი გადავიდა, მათ შორისაა გორის N9 საჯარო სკოლა.
გორის N9 საჯარო სკოლის მენტორი, ფიზიკის მასწავლებელი, დავით ქრისტესიაშვილი, საფინალო სამზადისისა და მიღწეული შედეგების შესახებ გვესაუბრება.
როგორც დავითი ამბობს, პროექტში მონაწილეობისას გუნდის მთავარი მოტივაცია ახალი გამოცდილების მიღება იყო, რადგან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM მიმართულებით არც თუ ისე ბევრი შესაძლებლობა არსებობს:
,,STEM განათლება მოსწავლეებს უვითარებს კრეატიულობასა და ინოვაციურობას. ასევე, კვლევის, კრიტიკული აზროვნების, სამეწარმეო და სხვა მრავალ ისეთ უნარს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის ადამიანისთვის. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ტრადიციული საკლასო ოთახის გარეთ გადატანა და პრაქტიკული მუშაობის წილის ზრდა. ოლიმპიადის სტრუქტურა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, განივითარონ როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მუშაობის უნარები. ჩვენი პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილიც ამ ყველაფერმა განაპირობა. ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება. თავისთავად, მოლოდინი გამართლდა.”
გორის მე-9 საჯარო სკოლის გუნდი ათეულში მოხვედრამდე ინტენსიურად ემზადებოდა პირველ ტურში ასპარეზობისთვისაც:
,,ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილების დღიდანვე დავიწყეთ მზადება. მოსწავლეების შერჩევის პროცესში სრულად ვითვალისწინებდით ორგანიზატორების რჩევებსა და რეკომენდაციებს, ფიზიკასა და პროგრამირებაში მეცადინეობებს მე ვატარებდი, თუმცა, საგნებში მომზადების გარდა, ხშირად ვსაუბრობდით ჩვენს ისეთ გამოცდილებებზე, რომლებიც დაგვეხმარებოდა წარმატების მიღწევაში. ვმსჯელობდით სხვადასხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის მართვაზე, როგორ არ უნდა შეეშალა ხელი მსგავს გარემოებებს ოლიმპიადის მიმდინარეობისას. საბოლოოდ, ერთიანი ძალისხმევით, მოვედით აქამდე“.
STEM ოლიმპიადა მასწავლებლების პროფესიულ ზრდასაც უწყობს ხელს, როგორც დავითი გვეუბნება, თავად დამწყები მასწავლებელია და მენტორობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, მისთვის ეს გამოწვევა საინტერესო და ახალია:
,,ვფიქრობ, მასწავლებელს, მენტორს ცოდნის გადაცემაზე გაცილებით მეტი ვალდებულება აქვს მოსწავლის წინაშე. უმთავრესი გუნდის წევრების შთაგონება და მათთან ერთად ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. მომზადებისას პრაქტიკასთან ერთად, დროის გარკვეულ ნაწილს საუბარსაც ვუთმობდით. ვცდილობდი მათი მოტივაციის გაზრდასა და ხელშეწყობას”.
საუკეთესო ათეულში მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა გუნდისთვის, თუმცა წინ ფინალია, რომელიც განსხვავებული ფორმატისაა, ფინალისტ გუნდებს მოუწევთ თავი გაართვან ინჟინერიის პრაქტიკულ ამოცანებს. ამისათვის, გორის სკოლის გუნდი სხვა ფინალისტებთან ერთად საქართველოს ბანკისა და კომაროვის სამთვიან უფასო კურსს გადის, რომელიც მათ ყველა მოსალოდნელი გამოწვევისა და ამოცანისთვის მომზადებაში ეხმარება.
დავით ქრისტესიაშვილი ამბობს, რომ ფინალისთვის მოსწავლეებს დიდი მოლოდინები აქვთ:
,,ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ველოდებით 9 ივნისს. თუმცა გუნდი არ არის ორიენტირებული მხოლოდ გამარჯვებაზე. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველანაირი შესაძლებლობა. ვისწავლოთ მეტი და გავიზარდოთ”.
STEM ოლიმპიადის გამარჯვებულები სულ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს საგანმანათლებლო საგზურს ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ცენტრში. მათი სკოლის შენობაში კი მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები კი საგანმანათლებლო პროცესებისთვის აუცილებელი ტექნიკითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge
უახლესი
22 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა