თუ რა შედეგები დადგება ენერგოეფექტურობის კუთხით, ეს ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც შენობის მშენებლობა დასრულდება, გადაეცემა ექსპლუატაციაში და მობინადრეები დაიწყებენ ენერგიის მოხმარების პროცესს, - ამის შესახებ ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ენერგოეფექტურობის კანონმდებლობა მოქმედებს 2021 წლიდან, მაგრამ ის კანონქვემდებარე აქტებზე, რომელიც განაპირობებს ამ კანონმდებლობის ქმედუნარიანობას კვლავ მიმდინარეობს მუშაობა.
„ამ კანონქვემდებარე აქტების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე შემუშავებულია და მათ შორის ერთ-ერთია ყველაზე მეტად განხილვადი მინიმალური მოთხოვნები ენერგოეფექტურობის შენობებისადმი, რომელიც ძალაში გასული წლის ივნისში შევიდა.
შენობის მშენებლობის ტემპი არ არის სწრაფი და ივნისის შემდეგ, მშენებლობის ნებართვისთვის ვინც მიმართა შესაბამის უწყებებს მათ უნდა ჰქონდეთ გათვალისწინებული ეს მოთხოვნები. შექმნილია მონაცემთა ბაზა და ბოლო მონაცემებით 6000-მდე ასეთი ნებართვაა გაცემული.
რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 6000-მდე პროექტი ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის მოთხოვნებს. უშუალოდ რა შედეგები დადგება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შენობის მშენებლობა დასრულდება, გადაეცემა ექსპლუატაციაში და მობინადრეები დაიწყებენ ენერგიის მოხმარების პროცესს.
რადგანაც მინიმალური მოთხოვნები შემუშავებულია იმის გათვალისწინებით, რომ ენერგიის მოხმარება იყოს ხარჯთეფექტური და სასარგებლო შენობით მოსარგებლეთათვის მოსალოდნელია, რომ ეს იქნება დადებითი შედეგების მომტანი. თუმცა რეალური შედეგი დადგება 1,5 წლის შემდეგ, როდესაც შენობები ჩაბარდება“, - აღნიშნა გიორგი აბულაშვილმა.
ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობა შემუშავებულია ევროდირექტივის წინა ვერსიის შესაბამისად და შედარებით საწყისი ეტაპისთვის განკუთვნილი კანონმდებლობაა.
„თუმცა პარლამენტში განხილვადი ცვლილებები მიზნად ისახავს ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის განახლებულ დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს აზუსტებს კონკრეტულ საკითხებს, რადიკალური ცვლილებები არ ხდება უბრალოდ ემატება კონკრეტული ტექნოლოგიები, მაგალითად ელექტრომობილების დამტენის სავალდებულოობა მრავალსართულიანი შენობების მშენებლობისას, ასევე გათბობის და გაგრილების უფრო ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც მოქმედ ისე სამომავლო კანონმდებლობაში, რომ ენერგოეფექტურობა უნდა იყოს ხარჯთეფექტური.
რაც შეეხება რა იცვლება ბიზნესთან მიმართებაში, ბიზნესისთვის ნებისმიერი რეგულაცია მოითხოვს კონკრეტული უნარჩვევების გაძლიერებას, ასევე დამატებით ხარჯებს. ასევე ენერგოეფექტურობა მოითხოვს დამატებით ხარჯებს, თუმცა ეს ხარჯები თვითღირებულების 3-5%-ი შეიძლება იყოს, რაც ნიშნავს, რომ გასაყიდ ფასში რადიკალური ცვლილება ენერგოეფექტურობას არ ექნება, მაგრამ ძალიან დიდ შედეგს აძლევს შენობით მოსარგებლეს და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ყველაფრის ერთიანად გათვალისწინება, რადგანაც საინვესტიციო ხარჯები ცოტათი კი გაიზრდება, მაგრამ საექსპლუატაციო ხარჯები იმდენად შემცირდება, რომ საერთო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის როგორც მაკროეკონომიკურ ისე მიკროეკონომიკურ დადებით შედეგებს მოიტანს“, - აღნიშნა ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა.
გიორგი აბულაშვილი განმარტავს, რომ ყველა შენობას უნდა ჰქონდეს ე.წ. ენერგეტიკული სერტიფიკატი.
„ეს არის ეტიკეტი, რომელიც აღწერს ამ შენობის ენერგომახასიათებლებს და როგორი იქნება ეს შენობა სტანდარტული ექსპლუატაციის პირობებში. არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ბაზრის მონაწილისათვის, რადგანაც დღეს არსებულ სიტუაციაში მოსარგებლეებმა არ ვიცით რას ვყიდულობთ და რას ვქირაობთ. ეს ეტიკეტი პროფესიული ანალიზის საფუძველზე მოსარგებლებს მისცემს ინფორმაციას განიაზროს რა ენერგო გადასახადები ელის ამა თუ იმ ფართის ქირაობის თუ შეძენის შემთხვევაში. თავად ეს სერტიფიცირების პროცესი ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ ძვირადღირებული პროცესი არ იქნება“, - აცხადებს გიორგი აბულაშვილი.
უახლესი
20 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია55 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს1 საათის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”