დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენად თავისუფალია დღეს საქართველოში ბიზნესი - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რამდენად თავისუფალია დღეს საქართველოში ბიზნესი - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

27-12-2024 12:00:00

საქართველოს მთავარი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროკავშირი, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

გიორგი აბაშიშვილმა პრემიერისა და ბიზნესის შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ბიზნესის თავისუფლებას ყოველთვის დაუჭერს მხარს. 

„დღეს  Business Insider Georgia-ში ვსაუბრობთ ბიზნესის თავისუფლებაზე, თავისუფალ ბიზნესზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მთლიანად ამ თემას მიმოვიხილავთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა ქართულ ბიზნესთან და ძალიან ვაფასებ ქართულ ბიზნესს. დიახ, ქართული ბიზნესი მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რაც ბიზნესის გარშემო დღეს არსებობს.

დიახ, შეხვედრაზე იყო ბიზნესის ყველა სეგმენტი. ბიზნესი, რომელიც სტაბილურობას განსაკუთრებულად აფასებს. შეხვედრასდაესწრო ბიზნესი, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, იყო კრიტიკული შეხედულებებიც, მაგრამ რაც მთავარია იყო გულწრფელობა.

სწორედ ამ გულწრფელობისთვის მიიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესი შეხვედრაზე და სწორედ გულწრფელ საუბარს ჰქონდა ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ღია განცხადებებიც, რომელიც კეთდებოდა შეხვედრამდეც და შეხვედრის შემდგომაც ქართული ბიზნესის მხრიდან.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა განაგრძოს კომუნიკაცია მათ შორის იმ ბიზნესთან, რომელთაც განსხვავებული შეხედულებები აქვს.

აქვე მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ  Business Insider Georgia და ეკონომიკური ფორუმის პლატფორმა ყოველთვის მასპინძობს ხოლმე მაღალი რანგის დისკუსიებს, საქართველოს მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის დიალოგს და არაერთი შეხვედრა უკვე მონიშნული გაქვს თემატური დისკუსიებისთვის მომდევნო წლის განმავლობაში.

ასე, რომ საუბრები გაგრძელდება. სწორედ ეს იყო ის ნაწილი, რომელმაც განსაკუთრებით ააფორიაქა ის ადამიანებიც, რომლებიც ბიზნესზე ზეწოლას თავდაუზოგავად ახორციელებდნენ ე.წ. პლატფორმის შექმნით. სადაც, რომ მართლაც შექმნეს „დასახვრეტთა“ სია ბიზნესმენების გარკვეული ნაწილის, მაგრამ აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ რაც არ გამოვიდა იმ პოლიტიკურ მოთხოვნებზე საუბარი, რომლებიც ამ ე.წ. პლატფორმის საშუალებით გააჟღერეს, სცადეს ბიზნესის ჩართვა პოლიტიკაში და პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ეს საკითხი პირწმინდად წააგეს. ამის შემდეგ დაიწყეს “ჭორაობა“, თუ რა მოხდა შეხვედრაზე. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთო ამ პერიოდის განმავლობაში არის ჭორი.

ჭაბუა ამირეჯიბი „დათა თუთაშხიაში“ რამდენჯერმე საუბრობს ჭორის ნეგატიურ მხარეზე, მაგრამ ერთ მომენტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ხალხს ჭორი ურჩევნია სიმართლეს. დიახ, ეს სცადეს, რომ ჭორაობით გადაეფარათ ის პოზიტიური ეფექტი, რომელიც ამ შეხვედრას ჰქონდა. აქვე ვიტყვი, რომ აჭორავდნენ კაცები - ჭორიკანა კაცები. ჭორიკანა კაცებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დიახ ასევე „დათა თუთაშხიაში“ მთავარი პერსონაჟი სიკვდილის წინ მეგობარს უბარებს, რომ ჭორიკანა კაცებში ისაუბროს, რომ დათა ოსმალეთშია. ამაშია საქმე, აი ამ დონემდე დავიდნენ, რომ ჭორიკანა კაცები გამოჩნდნენ და ლაპარაკობენ, ვითომ რუსეთზე. ესენი საუბრობენ რუსეთზე და ცდილობენ კვლავ ბიზნესის რეკეტს.

შეხედეთ მართლაც ვინ არიან: ესენი არიან ის ყოფილი საჯარო მოხელეები შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობაში მყოფნი, რომლებიც ერთ შემთხვევაში კორუფციით გამოირჩეოდნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში ბიზნესზე პირდაპირი ზეწოლით. მერე სხვადასხვა მანტიის მოსხმა სცადეს. კერძო სექტორმა უმრავლეს ნაწილში არ გაიკარა ისინი. სცადეს უფლებადამცველის მანტიის მოსხმა. ძალიან საინტერესოა უფლებადამცველი ყოფილი ძველი ბიჭები, ასევე ყოფილი რეკეტიორები. ძალიან „საყვარელი“ ხალხია. სცადეს ვითომ ეთერებიდან ძველბიჭობა. მართლა ამათი ძველბიჭობა არ გაიშვა და დღეს რუსეთზე ლაპარაკობენ.

იცით ვინ საუბრობენ რუსეთზე?  ისინი, რომლებიც ერთ-ერთი ამერიკული გამოცემიდან მართლაც, რომ ბურთივით გამოისროლეს, იმიტომ, რომ სანქცირებული თუ სანქციებთან ახლოს მდგომი რუსი ბიზნესმენი ჩაწერეს ფულის გამო. იცით როგორი ხალხი საუბრობს, რომ ვითომ რუსეთი არ უნდა? 1,5 ლარით მეტი, რომ მისცე ახალგორში მდგარ რუსულ ტანკს, რომ გააპიარებს. აი ეს ხალხია, აი ამ ხალხთან გაქვს საქმე. ეს ხალხი ახდენს დღეს დასავლურ ბიზნესზე ზეწოლას. იმ ბიზნესზე ზეწოლას, რომელიც დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, იმ ბიზნესზე ზეწოლას ახდენს, რომლებიც ევროპაში და ევროპულ ქვეყნებში ფილიალებს ხსნიან და არც კი იხედება და არც არასოდეს გაუხედავს რუსეთისკენ.

ესენი იმ კომპანიებს აპიარებენ, რომლებიც საკუთარ დარგში მაჩანჩალები არიან, მშენებლობები ვერ ჩაუბარებიათ და ხალხის მიერ გადახდილი ფულით ჯერ კიდევ დაუსრულებელი ბინები აქვთ. აი ამ კომპანიებს აპიარებენ, იმიტომ, რომ აქ სხვა ინტერესები აქვთ. ამ ხალხზეა საუბარი და არა წესიერ ბიზნესზე.

რა ბიზნესის თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, როცა ამათ ვერ შეიგნეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეები. მოდით სწორედ ამ ნაწილს შევხედოთ. შევხედოთ, ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდგომ არსებულ ვითარებას და საქართველოს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს.

მათთვის საყვარელ წლებში, 2003-2012 წლებში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან 15 571 427 000 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2013-2022 წლებში - 30 384 563 000 აშშ დოლარი. დიახ, ეს არის ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც ემყარება ევროსტატის და საქსტატის დეტალურ მონაცემებს და ვნახოთ უფრო მეტი - ესენი, რომლებიც საუბრობენ ბიზნესის თავისუფლებაზე.

ეს არის Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსიდან გამომდინარე, ვხედავთ საქართველოს პოზიციას ამ შემთხვევაში საინვესტიციო თავისუფლების მიმართულებით, ვხედავთ წინა წლებში თუ სად იყო საქართველოს საინვესტიციო თავისუფლების მიმართულება და სად არის დღეს - უმაღლეს დონეზეა.

სად არის საქართველო ფინანსური თავისუფლებით? დიახ, ესენი, რომ ბანკებს ამუნათებენ და ფინანსურ სექტორს ურტყამენ შევხედოთ, სად არის საქართველოში ფინანსური თავისუფლება და სად იყო მაგ დროს, როდესაც ისინი კომერციულ ბანკებს არეკეტებდნენ.

გავიხსენოთ, ის უცნობილესი ქეისი, რომელიც დაკავშირებულია ბანკ „ქართუსთან“. და ვაჭრობის თავისუფლების მიმართულება, დიახ ვაჭრობა თავისუფალია საქართველოში და ამით უნდა ვისარგებლოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობიდან გამომდინარე.

დღეს ვხედავთ თუ სად ვართ ამ ნაწილში. და იმის ნაცვლად, რომ ვისარგებლოთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, როცა საქართველო თავისუფალი ქვეყანაა ვაჭრობის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანაა კონტინენტზე, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ერთის მხრივ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები  ევროკავშირთან, ხოლო მეორეს მხრივ ჩინეთთან, ასევე სხვა რიგ ქვეყნებთან. ჩვენ რუსეთთანაც გაქვს თავისუფალი ვაჭრობა და თუ საქმე არ შეეხება საერთაშორისო სანქციების ნაწილს აქ პრობლემური არაფერი არ არის და ამით ქართველი მეწარმეები სარგებლობენ. მოდით ამით ბოროტად ნუ ვისარგებლებთ. ის ქართველი მეწარმეები პოლიტიკაზე ნუ გველაპარაკებით, რომლებიც რუსეთიდან იღებთ კონკრეტულ სარგებელს. ნუ ილაპარაკებთ მაღალ მატერიებზე, იმიტომ რომ თქვენ ასევე გაქვთ გახსნილი თავისუფალი ბაზარი ევროკავშირში და მიბრძანდით. ეს აუცილებელია თქვენი მდგრადობისთვის.

ვხედავთ კომპანიების ჩამონათვალს, რომელიც მედიაში გავრცელდა, რომლებიც თურმე თავისუფლების პლატფორმას უერთდებიან და პროდასავლურები არიან. მოდით გადავხედოთ კომპანიების ნაწილს და შევხედოთ ვინ არიან თავისუფალ ბიზნესთან მიერთებულები.

რამდენიმე საინტერესო დეტალია. მაგალითად, ერთ-ერთი სუპერმარკეტი „მაგნიტი“,  ის 4 კომპანიით არის იქ წარმოდგენილი, რომ გააბევრონ იქ რაოდენობა. რაოდენობის გაბევრება მაინც არ გამოვიდა ვგულისხმობ „დეილის“, „სპარს“ და „გვირილას“ ქსელს. აი სად იყიდება რუსული პროდუქცია.

მივედით იმ ნაწილამდე, რომ მომხმარებელს აყენებენ ახლა არჩევანის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ სხვებიც პრორუსულობაზე საუბრობენ რუსეთიდან შემოსავალს როგორ იღებენ ის კომპანიები თავისუფალ ბიზნესზე, რომ გველაპარაკებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთთან ვაჭრობის ნაწილში ცუდი არაფერია, მაგრამ მოდით რა მაშინ სხვა მატერიებზე ნუ გველაპარაკებით.

მეღვინეებს მინდა ვუთხრა, თქვენ ის მეღვინეები არ ხართ რუსეთმა ემბარგოს გამო, რომ გამოგყარათ? ისევ იქ ბრუნდებით ხომ? აი ვინ ბრუნდებით წარსულში. თქვენ ბრუნდებით წარსულში და არა ჩვენ. ნუ გველაპარაკებით მაღალ მატერიებზე, როდესაც თქვენ შემოსავლებს მეზობელი, ოკუპანტი ქვეყნიდან იღებთ და როგორც ლიეტუვა და ლატვია ერთის მხრივ საქართველოს სანქციებისკენ მოუწოდებენ და მეორეს მხრივ თვითონ არ აწარმოებენ, მაგრამ ყველაზე მეტ ღვინოს და ვისკის ყიდიან რუსეთში.

აი ასე იქცევით. არაფრით არ განსხვავდებით იმ კომპანიებისგან და იმ ქვეყნებისგან, როცა მოწოდებებზე გადადიხართ, რომლებიც საქართველოს მთავრობას ერთის მხრივ სხვა მდგომარეობისკენ მოუწოდებდნენ. ხომ არ გაგახსენდათ სამტრედიის რკინიგზის ბლოკადა 90-იანებში. ძალიან ჰგავს ეს მესიჯები და მეორეს მხრივ თქვენ როგორ იქცევით? საქართველო არასოდეს არ იქნება რუსული გავლენის ქვეშ. თქვენ ბიზნესებსაც მართლა რეალურად გავათავისუფლებთ.

როგორ გიყვართ ხოლმე ძაღლი და „საბაკას“ ნაწილი?! ასევე ბიზნესი არ იქნება „სვაბოდნი“. ბიზნესი იქნება თავისუფალი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პლატფორმა „სვაბოდნიბიზნეს.რუ“ კი ბატონო ეს თქვენი არჩევანია.

ბიზნესი საქართველოში ამ მთავრობის პირობებში იყო, არის და იქნება თავისუფალი. ძალიან მნიშვნელოვანია აქ პრემიერ-მინისტრის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა საქართველოს მთავრობა დაიცავს თითოეულ ბიზნესს.

განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამის უკან დგანან და ვინც ამ პლატფორმაზე არ დარეგისტრირდება ბიზნესს ემუქრებიან, რომ დრო რომ მოვა - მათი დრო არ გაიშვა - მათ პასუხს აგებინებენ.

არ გამოვა ბატონებო ეს ამბავი. საქართველოში მთავრობა დაიცავს თავისუფალ ბიზნესს. დავიცავთ ჩვენც, რადგანაც Business Insider Georgia-ს პარტნიორ ბიზნესებზე მიდის ზეწოლა და დიახ ჩვენ ყველანაირად ვიქნებით ამის წინააღმდეგი. ჩვენ პარტნიორებზე ზეწოლას არ დავუშვებთ. 

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 2022-2023 წლების მონაცემებით, საქართველოს მთავარი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი იყო ევროკავშირი. იყო, არის და მომავალშიც იქნება. და თქვენი რუსული ინტერესები და ორმაგი სტანდარტები ვერ გაიმარჯვებს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები