დღეს გამართულ ბრიფინგზე “სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” გენერალურმა დირექტორმა, გოგიტა თედორაძემ ეკონომიკაში დარგობრივ ჭრილში 2023 წლის ოქტომბერში მიმდინარე პროცესები და ზრდისა და კლების მიზეზები შეაფასა.
საქსტატის გენერალური დირექტორის შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, დასაწყობების და ასევე მშენებლობის სექტორებში.
რაც შეეხება კლების ტენდენციას, ეს ორ სექტორში გამოვლინდა.
„ეს არის დამამუშავებელი მრეწველობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორი. 2023 წლის ოქტომბერში, წინასწარი მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაიზარდა 10%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაიზარდა 3,3%. პირველი 10 თვის მონაცემებით ექსპორტი ჯამურად 10%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი გაზრდილია 18%-ით. 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6 400-მდე ახალი საწარმო, რაც 12%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. კლება ძირითადად განპირობებულია, კერძო უცხოური ინდმეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 42%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“, - განაცხადა თოდრაძემ.
მისი თქმით, 6%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მილიარდ 260 მილიონ ლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში:
„საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო ისე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდასთან. ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობასთან.
საგარეო ვაჭრობის მონაცემებით 2,8-ჯერ გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 2023 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და ძირითადად მოდის ყირგიზეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.
გარდა ამისა გაზრდილია საბითუმო ვაჭრობა. დაახლოებით 33%-ით გაიზარდა ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. გაზრდილია ასევე საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, თამბაქოს ნაწარმითა და სასმელებით. რაც შეეხება ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს, აქ ზრდის ტენდენცია დაკავშირებულია საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე სახმელეთო და სატვირთო ტრანსპორტის მომსახურების მოცულობის ზრდასთან.
მშენებლობის სექტორში კი ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობასთან, როგორიცაა გზების, ავტობანების, ხიდების, გვირაბების მშენებლობა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაიზარდა გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებული საინჟინრო სამუშაოების მოცულობაც. ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 48% გაიზარდა ცემენტის იმპორტის მაჩვენებელი“, - აღნიშნა თოდრაძემ.
მისი თქმით, კლების ტენდენცია ორ სექტორში გამოვლინდა, „მათ შორის დამამუშავებელი წარმოების სექტორში, სადაც კლების ძირითადი მიზეზია მეტალურგიული მრეწველობა, ასევე კვების პროდუქტების, სასმელების წარმოების მოცულობის შემცირება. კერძოდ, შემცირებულია ძირითადი ლითონების, როგორიცაა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობთა წარმოების მოცულობები და შესაბამისად 2023 წლის ოქტომბერში დაახლოებით 71%-ით შემცირდა ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. ეს შემცირება ძირითადად მოდის აშშ-ზე.
იმავე პერიოდში 40%-ით შემცირდა ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი ძირითადად რუსეთის მიმართულებით. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციების სექტორში კლების მიზეზად სახელდება საცხოვრებელი შენობების გაქირავებისა და მართვის სფეროში მომსახურების მოცულობის შემცირება ასვე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის კლება“, - აღნიშნა თოდრაძემ.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა