საგანმანათლებლო ორგანიზაცია Flowmaster.online / ფლომასტერი, რომელიც საკუთარი მსმენელების პირად და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს, ქმნის პროდუქტებს, რომლებიც მოიცავს ჰიბრიდულ ტრენინგებს, ვორქშოპებს, ე.წ. “უფასო სასწავლებელს”. პანდემიის ფონზე ფიზიკური ტრენინგები ონლაინმა ჩაანაცვლა, თუმცა დღეს „ფლომასტერში“ ყველაზე მაღალი მოთხოვნა, ამ ორის სინთეზით შექმნილ ჰიბრიდული ტრენინგებზე ფიქსირდება.
რა ტიპის სწავლებას და პროგრამებს სთავაზობს “ფლომასტერი“ საკუთარ მსმენელებს დეტალებზე Business Insider Georgia-სთან Flowmaster-ის დირექტორს ანი ხარშილაძეს ესაუბრა.
- როდის დაარსდა ფლომასტერი და რა არის მისი მისია?
- კომპანია "ფლომასტერი" 2018 წელს დაარსდა, იმისთვის რომ პროფესიონალებისა და დამსაქმებლებისთვის ერთად მუშაობა გაეადვილებინა და მათ საერთო მიზნების მიღწევაში დახმარებოდა.
ცოდნის გაცემა, ცოდნის მიღება და ცოდნის წარმოება - ესაა სამი მთავარი ღერძი, რომლის გარშემოც დღეს "ფლომასტერი" ტრიალებს.
ჩვენი გუნდი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ქმნის ხარისხიან კონტენტს პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის.
- რა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებს/პროდუქტებს სთავაზობს ფლომასტერი მომხმარებლებს?
- კომპანია "ფლომასტერი" ქმნის პროდუქტებს, რომლებიც მოიცავს ჰიბრიდულ ტრენინგებს, ვორქშოპებს, ე.წ. “უფასო სასწავლებელს” - YouTube, TikTok არხებს და flowmaster.online პლატფორმას, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სრულიად უფასოდ მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია პირად და პროფესიულ განვითარებაზე.
ჩვენი პორტფოლიო მრავალფეროვან პროექტებს მოიცავს, მათ შორის გამორჩეულია flowstarter. ეს პროგრამა სპეციალურად სტუდენტებისთვისაა შექმნილი და მათ პროფესიულ ზრდასა და კარიერული შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება.
ჩვენი კიდევ ერთ პროდუქტია თვით-სწავლის პლატფორმა FlowmasterLMS, სადაც 100-ზე მეტი ონლაინ ტრენინგ-მოდულია განთავსებული.
- რას გულისხმობს და რით არის უნიკალური „ფლომასტერის“ ჰიბრიდული ტრენინგები?
- ჩვენი კომპანია შეიქმნა იმისთვის, რომ ტრადიციული ტრენინგები ჩაეტარებინა. თუმცა, დროთა განმავლობაში დავინახეთ, რომ გარემო შეიცვალა და გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ სწავლებაზე. ასე გაჩნდა “ფლომასტერის” ჰიბრიდული ტრენინგები.
ამ ტიპის სწავლება ონლაინ სწავლებასა და პირისპირ შეხვედრებს აერთიანებს. ონლაინ სწავლებისთვის ვიყენებთ სპეციალურ პლატფორმას TalentLMS-ს, სადაც პროგრამის ყოველკვირეული მასალა, ვიდეო და ტექსტური რესურსები, ტესტები და დავალებებია ხელმისაწვდომი. მონაწილეები კვირის განმავლობაში ეცნობიან კონკრეტული მოდულის თეორიულ მასალას, ხოლო კვირის ბოლოს თემატური Q&A სესია ტარდება ტრენერის, კოორდინატორისა და მონაწილეების ჩართულობით.
ადამიანებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ, პირადი და პროფესიული განვითარებისთვის და ეს საზრდო მაქსიმალურად მარტივად, მოსახერხებელი ფორმით უნდა მიიღონ.
ამ ეტაპზე გვაქვს სამი ჰიბრიდული ტრენინგი:
სამივე პროგრამა მოიცავს ვიდეო ლექციებს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პრაქტიკულ დავალებებს, ონლაინ სადისკუსიო სივრცეს და ყოველკვირეულ დასკვნით შეხვედრებს ტრენერებთან.
10-კვირიანი ინტენსიური პროგრამის „მენეჯერის ქოუჩის“ (MCP) ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან მენეჯერის როლსა და ლიდერობას, თანამშრომლების აყვანასა და მოტივაციას, უკუკავშირს, ამოცანების დელეგირებას და შედეგების გაზომვას.
რაც შეეხება “პროექტის მენეჯერის ქოუჩის პროგრამას” (PMCP), ის 8 კვირის განმავლობაში გრძელდება. პროგრამის მონაწილეები შეისწავლიან პროექტის ინიცირებას, შინაარსის (Scope) განსაზღვრასა და გეგმას, ბიუჯეტირებას, ხარისხის კონტროლსა და რისკების მართვას. ასევე, გაეცნობიან Agile მეთოდოლოგიას, ლიდერობას, გუნდისა და დაინტერესებულ მხარეთა მართვას, მონიტორინგსა და შეფასებას.
“გავლენიანი კომუნიკაციის ქოუჩის პროგრამა” (ICCP) სულ ახლახან დავიწყეთ. 8 კვირის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან გავლენის პრინციპებს, ნდობისა და ავტორიტეტის ჩამოყალიბებას, ემოციური ინტელექტისა და ძალაუფლების დინამიკის გამოყენებას. დაეუფლებიან დარწმუნების ტექნიკებს, მათ შორის, ნარატივის შექმნას, დამაჯერებელ კომუნიკაციასა და წინააღმდეგობების გადალახვას. ასევე, გაიღრმავებენ მოლაპარაკების უნარებს – სტრატეგიული დაგეგმვიდან შეთანხმების მიღწევამდე.
- როგორ ფიქრობთ, რა არის დღეისთვის ფლომასტერის მთავარი მიღწევა?
- „ფლომასტერის” მთავარი მიღწევა დღეისთვის ის გახლავთ, რომ ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ვასწავლით, რაც მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში მუშაობით შეუძლებელი იქნებოდა.
ჩვენს უფასო სასწავლო კონტენტს YouTube არხის მეშვეობით ყოველდღიურად 2000-ზე მეტი ადამიანი ეცნობა, ჯამურად კი დღეს 2 მილიონზე მეტი ნახვა გვაქვს. გამოდის, რომ ბოლო რამდენიმე წელში 2 მილიონზე მეტი უფასო გაკვეთილი ჩავატარეთ.
TikTok-ზე ჩვენს მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოებს ყოველდღე 5000-ზე მეტი ადამიანი უყურებს.
ჩვენი უნიკალური ჰიბრიდული ტრენინგების მონაწილეთა რაოდენობა 1000-ს შეადგენს, ხოლო ტრადიციული ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ათობით მსხვილ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ.
ამასთანავე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მივიჩნევთ “ფლომასტერის” გუნდსა და იმ ორგანიზაციულ კულტურას, რომელსაც ყოველდღიურად ვქმნით და რომელიც ეფუძნება მუდმივ განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და თანამშრომლობას. “ფლომასტერი” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 4-დღიანი სამუშაო კვირა დანერგა - ეს ჩვენი გუნდის წევრებს პროდუქტიულობაში და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში ეხმარება.
- რა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებზეა მოთხოვნა და რა განაპირობებს ამას?
- როგორც უკვე ვახსენეთ, ჰიბრიდული ტრენინგების წარმოების იდეა პანდემიის შემდეგ შეცვლილმა გარემომ განაპირობა, როცა ფიზიკური ტრენინგები ონლაინ სწავლებამ ჩაანაცვლა და საბოლოოდ ამ ორის სინთეზი მსმენელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი გახდა. სწორედ ამიტომ ჰიბრიდული ტრენინგებზე მოთხოვნა ყოველ ნაკადზე იზრდება, ვინაიდან მონაწილეებს აქვთ საშუალება ტრენინგის თეორიული ნაწილი Learning Management System-ში მოისმინონ, წაიკითხონ, სავარჯიშოები, ტესტები გააკეთონ და პირისპირ შეხვედრები უკვე კითხვა-პასუხისთვის და პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის გამოიყენონ. ამასთან აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ შეხვედრების ფორმატის ნახევარი online რეჟიმზეა ადაპტირებული. მაგალითად, საზღვარგარეთ მყოფ მონაწილეს შეხვედრებზე სრულყოფილად დასწრების და ჩართულობის საშუალება აქვს.
ამასთან დიდი მოთხოვნაა სრულად ონლაინ კურსებზე. სულ უფრო მეტ კომპანიას სურს თანამშრომლებს შესთავაზოს განვითარების შესაძლებლობა, თანაც ისე, რომ მათ სწავლა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, საკუთარ თავზე მორგებული გრაფიკით შეძლონ.
და ბოლოს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მოთხოვნა ჩვენს უფასო კონტენტზე - ამის თქმის საშუალებას მაყურებლების უკუკავშირი გვაძლევს. Flowmaster.online-ის თითოეულ პლატფორმაზე ყოველდღიურად ათობით შეტყობინება მოდის - კიდევ მეტი საგანმანათლებლო ვიდეოს და კონტენტის გაზიარებას გვთხოვენ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული და მოტივაციაა, რომ გავიზარდოთ და უფრო მაღალი ხარისხის კონტენტი შევთავაზოთ მაყურებლებს.
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე