დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს PEGAS Touristik Georgia საზღვარგარეთ დასვენების მსურველებს

რა სიახლეებს სთავაზობს PEGAS Touristik Georgia საზღვარგარეთ დასვენების მსურველებს

12-09-2024 11:00:00

ტურისტული კომპანია PEGAS Touristik Georgia-ში, რომელიც საზღვარგარეთ დასვენების მსურველებს ანტალიის და შარმ-ელ-შეიხის ტურებს აქტიურად სთავაზობს ახალი მიმართულებების დამატებას განიხილავს. 

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ განაცხადა, თურქეთის მიმართულებით ჩარტერული რეისების პროგრამას სექტემბრის ბოლოს ასრულებენ, თუმცა ეგვიპტის მიმართულებით მაღალი მოთხოვნის ფონზე, დამატებითი ჩარტერული რეისის დანიშვნა განიხილება.

„უკვე თურქეთის სეზონის დასასრულში ვართ. ანტალიის სეზონი სექტემბრის ბოლოსთვის სრულდება. აღნიშნული მიმართულებით ბოლო ჩარტერული ფრენა 29 სექტემბერს გვაქვს. რაც შეეხება ეგვიპტეს, მთელი წლის განმავლობაში დავფრინავდით შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით, სადაც ქართული ავიაკომპანია Georgian Wings-ი ასრულებს ჩარტერულ რეისებს. ეგვიპტეზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნა. ოქტომბრის ბოლომდე ადგილები თითქმის გაყიდულია, დარჩენილია ძალიან ცოტა ადგილი. ვისაც ეგვიპტეში დასვენების დაგეგმვა სურს, ფასები ძალიან მისაღებია და ერთ კვირანი პაკეტის ღირებულება 1600 ლარიდან იწყება.

შარშანდელთან შედარების მოთხოვნის შედარება სწორი არ იქნება, რადგანაც სწორედ შარშან დაიწყო ისრაელსა და ჰამასს შორის ესკალაცია და მაშინ მაინც თავს იკავებდნენ ეგვიპტეში დასვენებაზე, რაც ბუნებრივი იყო. წელს უკვე ეს შიში გაქარწყლდა და ეგვიპტეზე მოთხოვნა უკვე თავის წინანდელ პოზიციას დაუბრუნდა. ეგვიპტეში ტურისტული სეზონი მთელის წლის განმავლობაშია.

მზარდი მოთხოვნის ფონზე ეგვიპტის მიმართულებით კვირაში მეორე ჩარტერული რეისის დანიშვნაც განიხილება. ჯერჯერობით მეორე სიხშირის დამატება იდეის დონეზეა და არაფერი დადასტურებული არ არის“, - განაცხადა PEGAS Touristik Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება სიახლეებს, მალე PEGAS Touristik Georgia დუბაის და ტაილანდის ტურების გაყიდვებს დაიწყებს. 

„მალე ჩაიტვირთება პაკეტური ტურები დუბაის მიმართულებით და სიახლე გვექნება ასევე ტაილანდის მიმართულებით. ტაილანდის ტურისტული პაკეტების რეალიზაციისას გათვალისწინებული იქება ავიაკომპანია Air Arabia-სთან პარტნიორობა“, - აღნიშნა სალომე ბერაიამ.

მიმდინარე წელს PEGAS Touristik-ი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღს PEGAS Touristik Georgia საქმიან ვითარებაში სწორედ ტაილანდში აღნიშნავს, სადაც 10 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლებიც მიჰყავს. 

„24 სექტემბერს მივდივარ ტაილანდში, სადაც მიმყავს საქართველოში გაყიდვების მიხედვით TOP-10 სააგენტო და მათთან ერთად გვექნება PEGAS Touristik-ის 30 წლის იუბილეს აღნიშვნა და პლუს მათ გავაცნობ ტაილანდის პაკეტებს და დავათვალიერებინებთ იქაურ სასტუმროებს, რათა ადგილზე ნახონ ყველაფერი და შემდგომ მოახდინონ პაკეტების შესაბამისი სასტუმროებით რეალიზაცია“, - განაცხადა სალომე ბერაიამ.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები