დატვირთული 2024 წლის შემდეგ, ასევე დატვირთულ 2025 წელს პროგნოზირებენ Hotel Solo Grand-ში, სადაც ჯავშნები აქტიურად მიმდინარეობს, და მაღალი სეზონი უკვე მაისიდან მოსალოდნელია. როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერმა, ზურაბ გორგოძემ, განუცხადა, 2024 წელს სასტუმრო ოთხივე სეზონზე სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, ხოლო არსებული ჯავშნების მიხედვით, 2025 წელიც წარმატებული იქნება.
„სასტუმრო 2023 წლის ივლისში გაიხსნა, და 2024 წლის განმავლობაში ოთხივე სეზონზე საკმაოდ მაღალი დატვირთვით ვმუშაობდით.
2024 წელს აქტიურად გვყავდა სტუმრები რუმინეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან და ავსტრიიდან. 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (ზაფხულიდან წლის ბოლომდე), ახალი მომხმარებლების რაოდენობა 95%-ით გაიზარდა.
ზოგადად, ადგილი, სადაც სასტუმრო მდებარეობს, ტანას და თეძამის დაცულ ლანდშაფტზე არსებული გამაჯანსაღებელი კურორტია, სადაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი დამტვერვის მაჩვენებელი ფიქსირდება. წლის განმავლობაში დამტვერვის ყველაზე მაღალი პერიოდი მაისსა და ივნისშია, რაც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებებით გამოირჩევა. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ბრონქების, ასთმისა და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, რის გამოც მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება,“ – აცხადებს Hotel Solo Grand-ის გაყიდვების მენეჯერი.
მისი თქმით, ზაფხულის სეზონისთვის მოთხოვნა უკვე არსებობს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ტურების მიმართულებით.
„მოთხოვნის ზრდა უკვე დაწყებულია, და აპრილიდან ჯგუფური ტურების ჯავშნებიც გვაქვს. Hotel Solo Grand იდეალური ადგილია ბიზნეს-შეხვედრებისთვისა და კონფერენციებისთვის. სასტუმროსთან ახლოს „მაგთის“ ორი ანძა მდებარეობს, რაც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს და ხელს უწყობს მაღალი ხარისხის შეხვედრების ორგანიზებას. უშუალოდ მაისიდან კი იწყება დამტვერვის სეზონი, თუმცა აპრილის შუა რიცხვებიდან უკვე ვთბობთ გარე აუზს, რომელიც სტუმრებს სექტემბრის ბოლომდე ექნებათ ხელმისაწვდომი,“ – აღნიშნავს ზურა გორგოძე.
Hotel Solo Grand-ის გაყიდვების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სტუმრების რაოდენობა მზარდი იქნება, რადგან სასტუმროს ცნობადობა იზრდება და აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა ტუროპერატორებთან, რის შედეგადაც უცხოეთიდან ჯგუფური ტურების დიდი მოლოდინია.
„აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა ტურისტულ კომპანიებთან და ველოდებით ბევრ ჯგუფს პოლონეთიდან, რუმინეთიდან, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან. რაც მთავარია, სასტუმროს ფასები უკვე ორი წელია უცვლელია, და 2025 წელსაც იგივე ტარიფებს შევინარჩუნებთ,“ – აღნიშნავს ზურა გორგოძე.
მიმდინარე წელს სასტუმროს სტუმრებს სიახლეც დახვდებათ – მინი იპოდრომი, სადაც ცხენებით გასეირნება იქნება შესაძლებელი.
„დავამატეთ მინი იპოდრომი, სადაც სტუმრებს ცხენებით გასეირნება შეეძლებათ. ამ დროისთვის 6 ცხენი გვყავს, და 30-წუთიანი გასეირნების სერვისის ღირებულება 30 ლარია,“ – აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.
Hotel Solo Grand-ი აერთიანებს 24 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს.
სასტუმრო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში მდებარეობს. სოფელი მდიდარია ნაძვნარით, ზაფხულობით გრილია და სააგარაკო ადგილად ითვლება. აქ ვენახი არ ხარობს, მოსახლეობა კი ძირითადად მესაქონლეობასა და მემინდვრეობას მისდევს.
სოფელში არსებული საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია მშრალი ხევის (ან საყდრის ხევის) ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც IX-X საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი ქვითკირითაა ნაგები და ერთნავიანია.
კლიმატი ნამდვილად უნიკალურია. ქვემო ბოშურამდე მისასვლელ გზაზე, ატენის ხეობიდან მოყოლებული, სამი ტყის ფენა გვხვდება, რომელიც ალპური ზონით სრულდება.
უახლესი
15 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო16 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა16 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე