დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემოსავალი აქვს ბიუჯეტს ლეგალურად ნადირობიდან

რა შემოსავალი აქვს ბიუჯეტს ლეგალურად ნადირობიდან

27-10-2023 10:00:25

2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე ბიუჯეტში შესულმა მოსაკრებელმა 396 658 ლარი შეადგინა, საიდანაც 396,637 ლარი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მოხვდა, ხოლო 21 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.

2022 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკით კი  გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე ბიუჯეტში 347,057.13 ლარი შევიდა. შესაბამისად 2023 წლის მაჩვენებლები 14%-იან ზრდას აჩვენებს.

ასევე, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები  9 თვის ანგარიშში წერია, რომ იანვარ-სექტემბერში ნადირობის ნებართვაზე მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში შესულია 205 ლარი. 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებით კი ბიუჯეტში ამ მიმართულებით შესული იყო 391 ლარი. შესაბამისად კლება 48%-ია,

აღსანიშნავია, რომ ნადირობა საქართველოში საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა და ლეგალურად ნადირობაზე ადმინისტრირებაც შესაბამის პერიოდებში გამკაცრებულია. თუმცა ნადირობის სეზონი 2023 წელს აგვისტოს მესამე შაბათს, ანუ 19 აგვისტოს გაიხსნა და შესაბამისად ნადირობის ნებართვებიდან მიღებული შემოსავალი შემდგომ თვეში უფრო მაღალი იქნება.

ნადირობის სეზონზე დაშვებულია ნადირობა შემდეგი სახეობის გადამფრენ ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო/გვიძინი, საყელოიანი გვრიტი, ღალღა, ჩიბუხელა/გარშნეპი. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულია ამ სახეობებზე ნადირობის ვადა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, კერძოდ:

 
• ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ზემოაღნიშნულ ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონი დაიწყო აგვისტოს მეოთხე შაბათს - 26 აგვისტოს;

• საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ამავე სახეობების ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონის დაიწყო აგვისტოს მესამე შაბათს - 19 აგვისტოს.

ფრინველთა პოპულაციების დაცვის მიზნით, ცვლილებები შევიდა სანადიროდ დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ჩამონათვალში, კერძოდ: ნადირობის ობიექტთა ნუსხიდან ამოღებულია წითელთავა ყვინთია (Aythya ferina), ხოლო ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) ნაცვლად ნადირობის ობიექტად განისაზღვრა საყელოიანი გვრიტი (Streptopelia decaocto). 

ნადირობა აკრძალულია: 

• საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე; ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე.

• ყველა სხვა იარაღით, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი. 

ნადირობა შესაძლებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები