2025 წლის იანვრიდან თბილისის მშრალი პორტი ამოქმედდება, რომელიც „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
თბილისის მშრალი პორტი არის თანამედროვე, ინტერმოდალურ-ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას წარმოადგენს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს.
მშრალი პორტი თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283,000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, პირველ ეტაპზე დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200000 TEU-მდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მშრალი პორტის ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და დაიგო რკინიგზის ხაზები.
თბილისის მშრალი პორტის გეგმებზე Business Insider Georgia შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ ინაიშვილს ესაუბრა.
- 2025 წლის იანვრიდან მას შემდეგ რაც თბილისის მშრალი პორტი ექსპლუატაციაში შევა, რა სერვისების გაწევას შეძლებს პორტი და გათვლაა რა ტიპის ტვირთებზე კეთდება?
- თბილისის მშრალი პორტი გათვლილი იქნება პირველ რიგში კონტეინერების მიღებაზე ბათუმის და ფოთის პორტებიდან, მათ აქ დამუშავებაზე. შემოსული კონტეინერები ადგილზე დამუშავდება, დაიცლება და წავა დამკვეთთან.
ასევე აქვე მოხდება ტვირთების ჩატვირთვა, საუბარი მაქვს საექსპორტო ტვირთებზე, რომელიც თბილისიდან წავა ბათუმსა და ფოთში და შემდგომ ზღვით დანიშნულების ადგილამდე. ასევე ტვირთის გარკვეული ნაწილი განთავსდება საბაჟო საწყობებშიც.
- საწყის ეტაპზე თბილისის მშრალი პორტი რამდენი ერთეული ტვირთის მიღებას და დამუშავებას შეძლებს?
- ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე პირველივე წელს 100 000-მდე კონტეინერის დამუშავებას შევძლებთ.
- ის, რომ პორტი რამდენიმე თვეში უკვე ამოქმედდება, დაწყებული გაქვთ თუ არა მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან, იგივე ჩინურ ან ყაზახურ კომპანიებთან, რათა მათი ტვირთების გადამუშავება და გატარება მოხდეს თბილისის მშრალი პორტის მეშვეობით?
- ამ საქმით ჩვენ მუდმივად ვართ დაკავებულები და ეს არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, საუბარი მაქვს ტვირთების და კონტეინერების გადაზიდვაზე და დამუშავებაზე. გეტყვით, რომ დიდი დაინტერესებაა საერთაშორისო კომპანიების მხრიდან და მათ შორის ჩინური კომპანიების მხრიდანაც. და აგრეთვე ჩინეთიდან სარკინიგზო შემადგენლობით კონტეინერების მიღებაზეც.
- ბოლო პერიოდში აქტიური მოლაპარაკებებია ჩინეთიდან სარკინიგზო შემადგენლობის და სიხშირეების ზრდაზე. ანუ ჩინეთის რკინიგზის მიერ შემოტანილი ტვირთი მთლიანად თბილისის მშრალ პორტში გადამუშავდება?
- დიახ, მათ შორის გარკვეული ნაწილი კი.
- რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, რა მოცულობის თანხების ინვესტირება ხდება თბილისის მშრალი პორტის მშენებლობის პირველ ფაზაში და რა გეგმებია ამ მხრივ მეორე ფაზაზე?
- პირველ ფაზაში საუბარია მინიმუმ 16 მლნ დოლარის ინვესტირებაზე. თუმცა ეს არის მინიმალური ციფრი. დანარჩენი ინვესტირება კი უკვე მეორე ფაზაში მოხდება, რომლის განხორციელებაც ასევე 2025 წლიდან დაიწყება. მას შემდეგ რაც პირველი ფაზა დასრულდება, მალევე დავიწყებთ მეორე ფაზას. პლუს დაიწყება საწყობების მშენებლობა. საწყობების მშენებლობა არის უმნიშვნელოვანესი, რადგანაც ის არის სპეციფიკური და მორგებული თითოეულ დამკვეთის და მოიჯარის მოთხოვნილებებზე. თუ ვსაუბრობთ, მალფუჭებად პროდუქტებზე, ასეთ შემთხვევაში სხვა ტიპის სამაცივრე საწყობია საჭირო, ხოლო თუ ვსაუბრობთ ჩინური ონლაინ მაღაზიების პროდუქციაზე, მათ სხვა ტიპის სჭირდებათ. შესაბამისად ინვესტიციის მოცულობას დამოკიდებული იქნება მათ მოთხოვნებზე. ეს მოლაპარაკებების პროცესია, თუ ვის რა ტიპის საწყობი ესაჭიროება, მათი საქმიანობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე.
- არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანია AD Ports Group-ი პირველი ფაზის მშენებლობისას შემოვიდა მინიმუმ 16 მლნ დოლარის წილში, რომ დამიზუსტოთ, როგორა ქართულ და არაბულ მხარეებს შორის წილობრივი გადანაწილება?
- მათ არსებულ კომპანიაში წილის 60%-ი შეიძინეს.
- იმისათვის, რომ საჭირო რესურსების შევსება და კაპიტალის მოძიება მოხდეს, კიდევ ხომ არ იგეგმება პროექტში ახალი ინვესტორის შემოყვანა?
- არა. ჩვენ არ ვეძებთ ინვესტორს და არ ვეძებთ კაპიტალს. ჩვენ ჩვენი თანხებით გავაგრძელებთ ამ პროექტის განხორციელებას, მით უმეტეს უკვე გვყავს ისეთი პარტნიორი როგორიც არის AD Ports Group-ი. პროექტს და ინვესტირებას მხოლოდ არსებულ პარტნიორთან ერთად გავაგრძელებთ.
- თბილისის მშრალი პორტი თავის კონცეფციიდან გამომდინარე ქვეყანაში არის პირველი. ხომ არ ფიქრობთ, რომ „თბილისი დრაი პორტი“ გახდება ერთგვარ კატალიზატორი, რათა ამ მიმართულებით სხვა ინვესტორებიც დაინტერესდნენ?
- ჯერჯერობით ჩვენ პირველები ვართ და თუ სხვა ინვესტორიც დაინტერესდება და ამის შესაძლებლობა ექნებათ შეუძლიათ ამ მიმართულებით საკუთარი პროექტი განახორციელონ.
- უკვე გაჟღერდა, რომ მსგავსი ტიპის პორტის საჭიროება არის დასავლეთ საქართველოშიც. თქვენ ხომ არ იქნებით დასავლეთ საქართველოში მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელებით დაინტერესებული?
- ჩვენს ჯგუფს დასავლეთ საქართველოში ანოლოგიურინ პროექტის განხორციელება არ აინტერესებს და ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იყო მშრალი პორტის მხოლოდ თბილისში აშენება. საქართველოში იმპორტის 70%-ზე მეტი თბილისზე მოდის და აქედან გამომდინარე ჩვენც ამ პროექტს თბილისში, ანუ ახლოს მომხმარებელთან ვახორციელებთ. თუმცა ის არ აის მხოლოდ ადგილობრივ მოთხოვნაზე გათვლილი და მოემსახურება რეგიონსაც.
- თბილისის მშრალი პორტის საერთაშორისო მნიშვნელობაზეც, რომ ვისაუბროთ, იმისათვის, რომ ის მალევე გახდეს საერთაშორისო ჰაბის მატარებელი ინფრასტრუქტურული პროექტი, რისი გაკეთებაა საჭირო?
- ის თავისთავად საერთაშორისო ლოგისტიკური ჰაბის მატარებელი იქნება როგორც კი დაიწყებს ფუნქციონირებას. თბილისის მშრალ პორტში მოსული და დასაწყობებული საქონელი თავისთავად გადანაწილდება არა მხოლოდ ადგილზე, არამედ წავა სომხეთში, აზერბაიჯანში, ცენტრალურ აზიაში და ასე შემდეგ.
უახლესი