2026 წლიდან „რუსთავის აზოტი“ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან ინდორამა კავკასიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ განაცხადა, მომავალი წლიდან საწარმოში ფოროვანი გვარჯილის წარმოება დაიწყება.
დღეისათვის „რუსთავის აზოტი“ ორი დასახელების სასუქს აწარმოებს, ესაა ამონიუმის ნიტრატი და ამონიუმის სულფატი.
„გვინდა, რომ ფოროვანი გვარჯილის წარმოება დავიწყოთ, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ ახალი ბაზრები ავითვისოთ. ამაზე კონტაქტი უკვე ხელმოწერილი გაქვს და ეს პროექტი უკვე დაძრულია. წელს ამ პროექტის განხორციელება ვერ მოესწრება და ამიტომ მომავალ წელს დავიწყებთ. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს, არსებულ წარმოებასთან ერთად დაგვემატება, ფოროვანი გვარჯილის წარმოება“, - აცხადებს ლევან ბურდილაძე.
დღეისათვის „რუსთავის აზოტის“ მიერ წარმოებული პროდუქცია აქტიურად იყიდება ევროკავშირის, ცენტრული ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნებში და რაც მთავარია ექსპორტი არ არის სეზონური და ის მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება.
„ექსპორტი მთელის წლის განმავლობაში გაქვს და მთელი წლის განმავლობაში ვყიდით პროდუქციას ექსპორტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაგვევსება პროდუქციით აქაურობა. სეზონი მაინც არის გაზაფხული, თებერვალი-მარტი-აპრილი-მაისი, ამ პერიოდში ჩვენი პროდუქცია ტრეიდერს შეაქვს სოფლის მეურნეობის სფეროში.როდესაც გაზაფხული სრულდება ევროკავშირში და საქართველოში, იგივე ტრეიდერი ჩვენგან პროდუქციას მაინც ყიდულობს და უკვე გააქვს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, აფრიკის ქვეყნებში.ანუ მთელი წლის განმავლობაში ჩვენი პროდუქცია საექსპორტო ბაზრებზე იყიდება. ანუ მას შემდეგ რაც სეზონი დასრულდება ევროპაში უკვე ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება სხვა ქვეყნებში და სხვა კონტინენტებზე“, - ამბობს ინდორამა კავკასიის აღმასრულებელი დირექტორი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „რუსთავის აზოტს“ რუსულ გვარჯილასთან კონკურენციის ფონზე ფასების დაწევა უწევს.
„ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი წარმოების დაახლოებით 10%-ი იყიდება. ადგილობრივი ბაზრის მოხმარების 5-დან 10%-მდე იყიდება ასევე რუსული გვარჯილა. ჩვენი კონკურენტი არის რუსული წარმოების გვარჯილა. რუსული გვარჯილას ფასი შედარებით დაბალია და ამის ფონზე ჩვენც გვიწევს ფასის კორექტირება“, - აცხადებს ლევან ბურდილაძე.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან „რუსთავის აზოტი“ ინდორამას ნაწილი გახდა. როგორც საწარმოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, კორპორაცია ინდორამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მასალების გლობალური მწარმოებელია, რომელიც მოიცავს მინერალურ სასუქებს, პოლიმერებს, ბოჭკოებს, ძაფებს და სამედიცინო ხელთათმანებს.
კორპორაცია ინდორამას წარმოების ობიექტების ქსელი საფუძველია ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდებისა და უკეთესი ცხოვრების ფორმირებისთვის მთელს მსოფლიოში.
სს „რუსთავის აზოტი“ წარმოადგენს ამიერკავკასიაში მინერალური სასუქების და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ უმსხვილეს ქიმურ საწარმოს.
უახლესი
6 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია