დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გეგმები აქვს მთავრობას ქვეყანაში ტურიზმის და ავიაციის განვითარების კუთხით - ლევან დავითაშვილის პასუხი

რა გეგმები აქვს მთავრობას ქვეყანაში ტურიზმის და ავიაციის განვითარების კუთხით - ლევან დავითაშვილის პასუხი

04-10-2023 17:20:10

2023 წლის I-II კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი  - 1.8 მილიარდი აშშ დოლარი დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ზრდა  2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან  +23.9%-ს შეადგენს.

„მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანამ 2.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა,  რაც 2019 წლის მონაცემების 74% აღდგენაა. 

ამასთან, მიმდინარე წელს  საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა მსოფლიო მასშტაბით და პირველად ისტორიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა.  გამოფენაში მონაწილე 160-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, 200 ათასამდე სტუმარს  შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა  საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის, ეკონომიკური პოლიტიკის, ვაჭრობისა და სხვა დარგებში.

საქართველომ წელს კიდევ ერთ, უმაღლესი რანგის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა - პირველად საქართველოს  ისტორიაში,  ბაკურიანში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ბაკურიანმა 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენს უმასპინძლა, ჩატარდა 30 შეჯიბრი 7 სახეობაში.  სპეციალურად ჩემპიონატისთვის აშენდა სამი ახალი საბაგირო,  წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი, დიდველი-კოხტა-მიტარბის არეალში კი დამონტაჟდა 30 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, მოეწყო 6 ახალი სასრიალო გზა. მთავრობის მიერ, ჯამში, 300 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა ის ფაქტი, რომ გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

გარდა ამისა, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს უმაღლესი რანგის ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელი 2024 წელს 6 ექსკლუზიურ ქვეყანას შორის. 

ვიზიტორთა მზარდი ოდენობისა  და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის  მიზნით, 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში (ახალ გუდაურში), დამსვენებლებს ორი ახალი,  6 ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის (ე.წ „ბაბლი“)  1249 და 1369 მეტრის სიგრძის. საბაგირო კომპლექსი დახვდებათ. თითო საბაგიროს გამტარუნარიანობა იქნება 1800 ადამიანი საათში.

არსებული კურორტების განვითარების პარალელურად, მიმდინარეობს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სწორი დაგეგმვის, განვითარებისა და არსებული გამოწვევების შესწავლა - ამ  მიზნით კურორტების განვითარების სააგენტომ შეისწავლა 200-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავდა.

კურორტების შესწავლის შემდეგ და ასევე ახალი კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევებისა და საინვესტიციო შეთავაზებების მომზადება, რაც იძლევა საშუალებას, წინასწარ განისაზღვროს ქვეყნისთვის ეკონომიკურად და სოციალურად მომგებიანი, წარმატებული პროექტები და მოხდეს მოსალოდნელი შედეგების სწორი პროგნოზირება“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, კურორტების განვითარების ფარგლებში აღსანიშნია აბასთუმნის კურორტი, სადაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები  - პროცესი გადადის ბოლო ეტაპზე.

„ჩვენი ამოცანაა, რომ 2025 წლის დასაწყისში აბასთუმანში ძირითადი სასტუმროების უმეტესობა მზად იყოს სტუმრების მისაღებად. საუბარია დაახლოებით 16 სასტუმროზე, მათ შორის იქნება როგორც ხუთვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, ისე ადგილობრივი, შედარებით დაბალბიუჯეტიანი განთავსების ობიექტები.

ამ პროცესის ზედამხედველობას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამ ეტაპისთვის უკვე დასრულებულია  აბასთუმნის 20-მდე ისტორიული სახლის, ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო გზის, კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია,  შემუშავებულია კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა.

მთავრობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები, უპირველესად, ემსახურება ქვეყანაში ტურიზმის ზრდას, რაც საკმაოდ დინამიურია და მიმდინარე წლის მონაცემები გვაძლევს საფუძვლიან მოლოდინს, რომ წლის ბოლომდე ვუმასპინძლოთ 6.6 მილიონ  საერთაშორისო მოგზაურს (6,557,257 ვიზიტი) რაც 2019 წლის მონაცემების 70.1% აღდგენაა და ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს ( 4,397,525,494), რაც 2019 წლის მაჩვენებლებს 35%-ით აღემატება.

ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია - ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობდა ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხზე მუშაობა. შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის. ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება. ავიაკომპანია გაზრდილი სიხშირით ოპერირებას მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს.

აქვე შეიძლება აღინიშნოს ინდური ავიაკომპანია „ინდიგოს“ შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც  საქართველოსა და ინდოეთს შორის ფრენების შესრულება მიმდინარე წლის 8 აგვისტოს დაიწყო. ამ მომენტისთვის ნიუ დელისა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირით სრულდება.

რაც შეეხება ავიაციის სექტორს, 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელმა 85%, ხოლო რეისების აღდგენის მაჩვენებელმა 88% შეადგინა.

2023 წლის საპროგნოზო მონაცემების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს მგზავრების რეკორდულს ოდენობას - 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც, რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 750,000-ს მიაღწევს.  

აღსანიშნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც, ერთი წლის ჭრილში, პირველი პრეცედენტია ქუთაისის აეროპორტისთვის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება - პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება.

აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და  სატვირთო ტერმინალებით.  შესაბამისად, მსოფლიოში წამყვანი საავიაციო საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობით განისაზღვრება ყველაზე უკეთესი შესაძლებლობა თბილისში საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის. უკვე დაწყებულია პირველი ტექნიკური კვლევა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო,   საავიაციო-საკონსულტაციო კომპანია შეასრულებს.

აღნიშნული კვლევების საფუძველზე, მიმდინარე წელს მზად იქნება  საბოლოო დასკვნა  იმის შესახებ, სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება -  აშენდება ახალი აეროპორტი სხვა ლოკაციაზე (მათ შორის, განიხილება ვაზიანის ტერიტორია), თუ მოხდება არსებული აეროპორტის გაფართოება.

ასევე წელს იწყება თელავში  სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა, რომელიც  50 000-მდე მგზავრს მოემსახურება წელიწადში. სრულიად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა, ასევე მთლიანად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავის აეროპორტი პირველ მგზავრებს სავარაუდოდ 2024 წელს უმასპინძლებს. მნიშვნელოვანია, რომ თელავის აეროპორტი მგზავრებს ოთხივე სეზონის განმავლობაში მოემსახურება და შესრულდება შიდა ფრენები ქუთაისის, ბათუმის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით. თელავის აეროპორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია, პირველადი შეფასებით, 25 მილიონ ლარს შეადგენს.

ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ გვჭირდება მისი გაფართოება, არსებული ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდა. შესაბამისად,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდება  3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო  ხომალდს, შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას, ამავდროულად, უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების ოპერირებას შეზღუდვების გარეშე.

პროექტზე მუშაობა უნდა დასრულდეს 2023 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც უმოკლეს ვადაში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები“, - განაცხადა მინისტრნმა. 

 

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები