თბილისში „ლინეიტ საქართველოს“ ოფისი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაიხსნა. რეგიონულ ოფისს გიორგი ციკოლია ხელმძღვანელობს, რომელმაც Business Insider Georga-თან ისაუბრა, თუ როგორ ოპერირებს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს ბაზარზე და რა გეგმები აქვთ.
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate 10 წელზე მეტია რაც ამ სფეროში საქმიანობს. კომპანიის სათავო ოფისი აშშ-ში, ნიუ-იორკშია. ამის გარდა კომპანიას აქვს წარმომადგენლობა საქართველოში, სომხეთსა და პოლონეთში. ჩვენ სამივე ქვეყანას პარალელურად ვავითარებთ.
საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს გახდეს ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი რეგიონში. თბილისში რეგიონული ოფისის გახსნა გადაწყდა, რადგან კომპანიის საოპერაციო მიმართულება ვითარდება, როგორც სომხეთში ისე პოლონეთში. მიუხედავად იმისა, რომ Lineate -ს სათავო ოფისი აშშ-შია, ტექნოლოგიურ კომპანიას ევროპის მიმართულებით რამდენიმე მსხვილი კლიენტი ჰყავს. რამდენიმე წელია საქართველოში ვართ და ახალ კომპანიას სჭირდებოდა დრო საოპერაციო თუ საკადრო პოლიტიკის დალაგებისთვის. ოფისი კი საჭიროა იმისთვის, რომ „ლინეიტ საქართველოს“ საქმიანობა სრულყოფილ რეჟიმში გადავიდეს. გავხსენით სათავო ოფისი საქართველოში, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ესაა ტექნოლოგიური ცენტრი რომელსაც ჰქვია „ჰაივი“ და ჩვენი 100-ზე მეტი თანამშრომელი საუკეთესო ტექნოლოგიურ გარემოში მუშაობს. არსებული სამუშაო გარემო საუკეთესოა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
ჩვენ მთავრობამ მოგვანიჭა საერთაშორისო ITკომპანიის სტატუსი. გვაქვს გარკვეული ბიზნესმოდელი და ჩვენი მომხმარებლების ნუსხა ძირითადად აშშ-შია. საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ვართ ორიენტირებული გაყიდვების თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებასა და მნიშვნელოვან რესურსებს ვხარჯავთ ადგილობრივი ბაზრის ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში.
ჩვენ ვართ პარტნიორები და კომუნიკაცია გვაქვს წამყვან უნივერსიტეტებთან, კერძოდ ესაა „თავისუფალი“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. გვაქვს საგრანტო პროგრამები სტუდენტებისთვის და შემდგომ უკვე სტაჟირება, რათა სტუდენტებმა პირველი სამუშაო გამოცდილება ჩვენთან მიიღონ. ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანაა, რომ ყველა ქვეყანაში სადაც ვოპერირებთ, თავისი წვლილი შეიტანოს ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვაში.
ძალიან ბევრი საინტერესო პროექტია საქართველოსა და რეგიონში. ამ ბაზარზე კონკურენციის მიუხედავად კადრების აყვანა არ გაგვიჭირდა. მთელ მსოფლიოში ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ცვლილებები შეინიშნება და კომპანიებს უწევთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან აშშ-სა და ევროპაში ეკონომიკა იმ ტემპით არ ვითარდება რაც მოსალოდნელი იყო. ჩვენ შემთხვევაში გეგმა, რომ კადრების რაოდენობა გავაორმაგოთ არ შევცვალეთ და განვაგრძობთ საქართველოში IT სპეციალისტების დასაქმებას. საქართველოში უკვე 107 ადამიანი დავასაქმეთ.
პ.ს. კომპანია Lineate- ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ ურთულესი ბიზნეს ამოცანების, უმთავრესად კი კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას მაღალი დონის ტექნოლოგიური პროგრამების და მონაცემების დამუშავების პრობლემების გადაჭრაში 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
უახლესი
33 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა