დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გეგმები აქვს ავტოსკოლა „ემსის“ და რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი

რა გეგმები აქვს ავტოსკოლა „ემსის“ და რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი

31-03-2025 14:00:00

ავტოსკოლა ემსი ⋆ Emsi Drive უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაფართოებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ემსის“ დამფუძნებელმა დავით ოძელაშვილმა განაცხადა, კომპანია რეგიონის მასშტაბით განიხილავს გაფართოებას და ამ მიმართულებით გარკვეული შეთავაზებებიც უკვე აქვს. საუბარია ქვეყნის რომელიმე რეგიონში „ემსის“  ფრანჩაიზის გაცემაზე. 

„დღეისათვის „ემსის“ აქვს ერთი ფილიალი თბილისში და ასევე გაქვს ონლაინ კურსი, რითაც რეალურად მთელს ქვეყანას ვფარავთ. გვაქვს ასევე საქართველოში ყველაზე დიდი მოედანი. მომავალში უფრო რეგიონალურად განვითარდებით და არა ქალაქის მასშტაბით. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, თუმცა რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. არის ბათუმიდან შემოთავაზება ფრანჩაიზის მიმართულებით და ვნახოთ. შესაძლოა იყოს ბათუმი, ქუთაისი, ან თელავი.  ეს დაახლოებით 2 წლის გეგმებია“, - აცხადებს დავით ოძელაშვილი. 

„ემსის“ 2025 წლის გეგმებში კი მოედნის და ავტომობილების GPS სისტემებით აღჭურვაა, რითაც კომპანია გამოცდილის სიმულაციას შექმნის. 

ავტოსკოლა „ემსი“, რომელიც წლების ბაზარზეა თბილისში საკმაოდ ცნობილია და მისი სერვისებით ბევრი მომავალი მძღოლი სარგებლობს. როგორც „ემის“ დამფუძნებელი აცხადებს ბოლო წლებში, სკოლის მაგალითზე, მოსწავლეების რაოდენობა სტაბილურია. 

„ესმის“ მაგალითზე ბოლო წლების განმავლობაში მოსწავლეებს რაოდენობა სტაბილურია და თითქმის ერთი და იგივე მაჩვენებელზეა. 3-4 წელია რაც სტაბილური რაოდენობაა და ზრდის ტენდენცია არ გვაქვს“, - აცხადებს დავით ოძელაშვილი. 

ავტოსკოლის დამფუძნებელი არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოსწავლემ გამოცდა წარმატებით ჩააბაროს საშუალოდ 15 გაკვეთილია საჭირო. 

„თავიდან ცოტა სხვანაირი წარმოდგენით მოდიან და ჩვენ თავიდანვე ვეუბნებით, რომ 5-6 გაკვეთილში ვერ ისწავლიან. კი მოედნის სწავლა შედარებით ადვილია, თანაც ჩვენ ახლა გაქვს ძალიან კარგი მოედანი გაკეთებული და ეს აადვილებს, რომ მოედანზე გამოცდა ჩაბარდეს. თუმცა ქალაქის შემთხვევაში ტენდენცია გაიზარდა და შედარებით უფრო მეტ გაკვეთილს იღებენ. აქ ალბათ ჩვენი ფაქტორიც მუშაობს, რადგანაც ვურჩევთ და გულწრფელად ვეუბნებით, რომ 5-6 გაკვეთილში გამოცდას ვერ ჩააბარებენ. ვთქვათ გაიარე 5 გაკვეთილი და არ მოემზადე შესაბამისად, მიდიხარ ჯერ ხომ რიგში დგები, იხდი გამოცდის თანხას და თუ ვერ ჩააბარე, შესაძლოა ფასიანიც აიღო. საბოლოდ იკარგება დრო, ჯაფა და გარკვეულწილად ფინანსებიც. ამიტომ ჩვენ ვურჩევთ, რომ ბოლომდე კარგად ისწავლონ და როდესაც ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ მზად არიან შემდეგ გავიდნენ გამოცდაზე. ეს კი საშუალოდ 15 გაკვეთილია“, - აცხადებს დავით ოძელაშვილი.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, „ემსის“ მაგალითზე ქალაქის გამოცდების წარმატებით ჩაბარების მაჩვენებლები მზარდია. 

„როგორც იცით ჯერ მოედნის გამოცდა ბარდება და მოედნის გამოცდას პირველივე ცდაზე აბარებს 80-85%-ი. რაც შეეხება ქალაქის გამოცდას, როდესაც ის შემოიღებს 2023 წლის პირველ აპრილს, თავიდან პირველ ცხადზე მხოლოდ 17%-ი აბარებდა. მეორე ცდაზე იყო 25%-ი და შემდეგ მესამე და მეოთხე ცხადზე აბარებდნენ. დღეს ვითარება არის მნიშვნელოვნად შეცვლილი, რადგანაც მაშინ როდესაც მოსწავლე გამოცდაზე გადიოდა უფრო ნაკლები გაკვეთილი ჰქონდა გავლილი, ვიდრე დღეს გადის. დღეს ჩვენ უფრო მეტი ცოდნა გაქვს, თუ როგორ მოვამზადოთ ისინი. „ემსის“ მაგალითზე სტატისტიკა მზარდია, ჩვენი სკოლის მოსწავლეების 60%-ი გამოცდას უკვე მეორე ცდაზე აბარებს“, - აცხადებს ავტოსკოლის დამფუძნებელი. 

„ემსიში“ აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ზრდაა 17 წლის ასაკის მოსწავლეების კუთხით, თუმცა რეალურად ყველაზე დიდი აქტიურობა 17-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანებში შეინიშნება, ვისაც ავტომობილის მართვის სწავლა და შესაბამისად, მართვის მოწმობის აღება სურს.

რაც შეეხება ფასებს, თბილისის ავტოსკოლების სატარიფო პოლიტიკის გადახედვა დაწყებულია და ნაწილი ტარიფების ზრდას შემოდგომიდან აანონსებენ, ხოლო ნაწილმა უკვე გაზარდა კიდეც.

„ემსის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მასაც მოუწია ფასების ნაწილობრივ ზრდა, რაც თავის მხრივ ხელფასების გამო მოუხდა, რადგანაც შრომით ბაზარზე წარმოქმნილი გამოწვევების ფონზე, პროფესიონალების მოზიდვის, ან შეკავების ერთადერთი ბერკეტი ხელფასების ზრდაა. 

„ჩვენ ფასების ზრდა უკვე ნაწილობრივ მოგვიწია. დაახლოებით 25%-ით გავზარდეთ ქალაქის გაკვეთილის ფასი. თუმცა სხვა სკოლებს ქალაქის გაკვეთილის ფასი 45 ლარი აქვთ და ჩვენ გვქონდა 40 ლარი და მოგვიწია 50 ლარამდე დაგვეზარდა. თუმცა მოედნის გაკვეთილების ფასი იგივე დავტოვეთ და 40 ლარია. თუმცა ვფიქრობ, რომ შემოდგომიდან ამ მიმართულებითაც გავზრდით ტარიფს.

ერთ-ერთი გამოწვევა ჩვენთვის იყო სათანადო მოდენის პოვნა. მეორე პრობლემა, რაც გვაქვს ესაა კვალიფიციური კადრების მოძიება. შევეცდებით შრომით ბაზარზე მაღალი ხელფასებით შევიდეთ და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადავდგით კიდეც. ამას ემსახურება სწორედ ტარიფების ზრდაც, რათა მიღებული შემოსავალი გადანაწილდეს ანაზღაურებაზე. საწვავის კუთხით ზრდა არ არის და არც ინფლაციაა იმ მასშტაბის ქვეყანაში, რომ ამ მიზეზებით გვიწევდეს ტარიფების ზრდა. ამის მთავარი მიზეზი არის კადრების დეფიციტი“, - აცხადებს „ემსის“ დამფუძნებელი.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები