საქართველოს გარშემო კიდევ ერთი ომი საქართველოს ეკონომიკაში გარკვეულ ნეგატივს შეიტანს. არ არის გამორიცხული დადებითი ასპექტებიც გაჩნდეს, თუმცა გარკვეული პრობლემაც შეიძლება გამოიწვიოს.
ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ მხარეებს შორის არსებულ დაპირისპირებას შედეგი საქართველოზეც ექნება. მით უმეტეს, თუკი ესკალაცია გაღრმავდება.
Business Insider Georgia-თან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ დანაკლისი შეიძლება ვაჭრობამ და ტურიზმის სექტორმა განიცადოს, რაც მოსალოდნელია.
„რეგიონში მიმდინარე კიდევ ერთი ომის გავლენა საქართველოზე შეიძლება ნეგატიურიც იყოს და პოზიტიურიც. ვგულისხმობ, რომ შეიძლება ვაჭრობა შემცირდეს და ეს მოსალოდნელიც იქნება. ომის დროს ცხოვრების რიტმისგან ამოვარდნილია სიტუაცია და ადამიანები ძირითადი პროდუქციის გარდა, სხვა საქონელს ნაკლებად ყიდულობენ. შესაბამისად, ვაჭრობის ტემპი იკლებს. ზოგიც შეიძლება ემიგრაციაში წავიდეს და გაერიდოს იქაურობას.
შესაძლოა, აგრეთვე ტურიზმის სეგმენტში დანაკლისი გვქონდეს ამ ქვეყნებიდან, თუმცა არ გამოვრიცხავ, კაპიტალი წამოვიდეს საქართველოს მიმართულებით და ზოგიერთი ბიზნესის ოპერირება აქ გაგრძელდეს.
მიგრანტების დიდი ნაკადი თუ წამოვა, პირიქით, უკვე პრობლემაა. პლუსების და მინუსების შეჯამება რთულია, მაგრამ ეკონომიკაში როგორც ნეგატივი, პოზიტივიც შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ უარყოფითი შედეგი მეტი გვექნება. ყოველ შემთხვევაში, ასე მიგვაჩნდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდშიც, მაგრამ ქვეყანამ რეალურად გარკვეული სარგებელი ნახა და პროგნოზები დიდწილად ვერ გამართლდა. არ გამოვრიცხავ, ამ შემთხვევაშიც, მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდეთ“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
როგორც ცნობილია, რამდენიმეკვირიანი შეტაკებებისა და მთიანი ყარაბაღის ბლოკადის შემდეგ, 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ დაიწყო „ანტიტერორისტული ოპერაცია“, რომელსაც, დე ფაქტო ყარაბაღის ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლი მოჰყვა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2023 წლის იანვარი-აგვისტოს ექსპორტის მიხედვით აზერბაიჯანი ($ 567 804.8) და სომხეთია (552 267.4), ხოლო იმპორტის მონაცემებით აზერბაიჯანი და სომხეთი მე-8 და მე-7 პოზიაციაზე არიან. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სომხეთიდან $258 900.5 ღირებულების პროდუქცია იმპორტირდა, ხოლო აზერბაიჯანიდან $411 575.2 ღირებულების.
რაც შეეხება ტურიზმს, 2023 წლის 6 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან 85,777 ვიზიტორი და სომხეთიდან 397 116 ვიზიტორი შემოვიდა.
უახლესი
8 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება