დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა აქვს კომუნალურ ტარიფებზე მაღალი ხარისხის სერვისსა და ინვესტიციებს

რა გავლენა აქვს კომუნალურ ტარიფებზე მაღალი ხარისხის სერვისსა და ინვესტიციებს

20-12-2023 18:17:00

საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდა, კანდიდატის სტატუსის მოპოვებით ქვეყნისადმი ინტერესი მალე კიდევ უფრო გაიზრდება, Რაც ახალ რეალობაში ქვეყნისთვის როგორც გაზრდილ შესაძლებლობებს, ასევე ბევრ გამოწვევასაც ნიშნავს.

ევროპასთან დაახლოების გზაზე ქვეყანამ ევროდირექტივების შესრულება უნდა შეძლოს.  ევროკავშირის მოთხოვნებთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან ადაპტირება   საჭიროა ყველა მიმართულებით, როგორც საკნაონმდებლო ასევე ბიზნესის საქმიანობის კუთხით. ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ისეთი პირველადი საჭიროების სერვისიც მოითხოვს, როგორიც კომუნალური მომსახურებაა.

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე აცხადებს, რომ ევროპული კანონმდებლობა  ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სექტორის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს:

,,საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პირს, კომერციულს თუ საყოფაცხოვრებო სექტორს,  შესაძლებლობა აქვს ელექტროენერგია თავისუფალი მიმწოდებლებისგან დერეგულირებულ ფასად იყიდოს. თუმცა პრობლემას ქმნის ის რომ არ გვყავს თავისუფალი მიმწოდებლები. რაც შეეხება  ბუნებრივი გაზის სექტორს,  არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ფასებს ადგენს  არა სემეკი, არამედ მას მიმწოდებლები თავად განსაზღვრავენ, თუმცა გაზის სექტორში განსხვავებულია ფასწარმოქმნა - სახელმწიფოს გაფორმებული აქვს გრძელვადიანი შეთანხმებები აზერბაიჯანთან და სახელმწიფო კომპანია სოკართან, შესაბამისად, სახელმწიფო გარკვეულწილად ასუბსიდირებს ბუნებრივ გაზს. მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს არჩეული აქვს ასეთი პოლიტიკა და კომერციული სექტორი საბაზრო ფასზე დაბალ ფასად ყიდულობს გაზს,“ - ამბობს სალომე ჯანელიძე.

მისივე განმარტებით, კომუნალური ტარიფები სემეკის დაანგარიშებული მეთოდოლოგიების საფუძველზე დგინდება. „მომხმარებელს ყოველთვის სურს, რომ უფასო ან არსებულზე უფრო დაბალი ფასი იყოს, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს უფასო ენერგია, რადგან მისი წარმოება-განაწილება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული“, - აცხადებს სალომე ჯანელიძე.

რაც შეეხება წყალმომარაგებას, მიუხედავად იმისა, რომ წყლის მოპოვება-დამუშავება და მოსახლეობისთვის მიწოდება ძვირი ჯდება, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში წყლის ტარიფი საკმაოდ დაბალია.

არსებული მონაცემებით ყველაზე მაღალი ტარიფი ევროპის მასშტაბით დანიაშია და ერთ კუბ/მ-ზე 6.7$ შეადგენს. სლოვენიის, ჩეხეთისა და კვიპროსის მაცხოვრებლები თავისი  შემოსავლის 1.4 %-ს იხდიან წყალმომარაგებაში.საქართველოში  წყლის ტარიფი მინიმუმ 6-ჯერ ნაკლებია ევროპის სხვა ქვეყნებთან  შედარებით.

თუმცა, დაბალი ტარიფის პარალელურად, დაბალია წყალმომარაგების სფეროში სერვისის ხარისხიც. კვლევითი კომპანია ,,სონარის” მიერ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  სხვა კომუნალურ სერვისებთან შედარებით  წყალმომარაგების კომპანიის მიმართ უკმაყოფილება ორჯერ მეტია თბილისის მოსახლეობაში. 

თბილისის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი, 2022 წლიდან საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ახალი მფლობელი, კომპანია „აქუალიაა“.ინვესტორის მიერ ჩტარებულმა წყალმომარაგების სისტემურმა აუდიტმა აჩვენა, რომ თბილისის ქსელების 62% ამორტიზებულია და წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება.

Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ მაღალი ხარისხის სერვისი და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება საჭიროებს ინვესტირებას, თუმცა გაწეული ხარჯი უნდა იყოს ადექვატური და მოსახლეობამაც მაღალი ხარისხის სერვისი უნდა მიიღოს.

„ინვესტიციის განხორციელებას აქვს გარკვეული ტიპის ხარჯი, რომელიც უნდა დაბალანსდეს. მოქალაქეებს კარგად გვესმის, რომ წყალიც პროდუქტია, რომელშიც ჩვენ გარკვეული თანხა უნდა გადავიხადოთ, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ ადექვატური სერვისის მიღებაში. ვფიქრობ, რომ  მოსახლეობისთვის ისეთი დისკომფორტია წყალმომარაგების ხშირი შეზღუდვები, მზადაა გაუმჯობესებულ და სრულყოფილ სერვისში შესაბამისი თანხა გადაიხადოს“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

საქართველოში სასმელი წყლის ტარიფს მარეგულირებელი კომისია (სემეკი) ადგენს. ოფიციალური მონაცემებით, მთლიანობაში საქართველოში წყლის გამანაწილებელი 8 კომპანია ოპერირებს, მათ შორისაა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანია”, შპს "ბათუმის წყალი", შპს "საჩხერის წყალკანალი", შპს "ქობულეთის წყალი", შპს "რუსთავის წყალი", შპს "მარნეულის სოფწყალი", შპს "სოგური", შპს "საგარეჯო". სემეკის რეგულაციებს ექვემდებარება 70-მდე დამოუკიდებელი სისტემა, რომელთაგან ყველაზე დიდი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“.

ჯივიპის ვებგვერზე არსებული მონაცემებით, მომსახურების ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ორგვარია უმრიცხველო აბონენტებისთვის, სადაც ტარიფი სულადობის მიხედვით იანგარიშება და ასევე ტარიფი მრიცხველის ჩვენების მიხედვით.

1. ფიქსირებული გადასახადი უმრიცხველო მომხმარებლისთვის – თვეში 4.51 ლარი 1 სულზე, 

2. ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას – 0.50 ლარი 1მ3-ზე.  ტარიფში ასახულია, როგორც წყლის მიწოდების, ასევე წყალარინების სერვისის  ღირებულებაც.

 წყალმომარაგების აღნიშნული ტარიფები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტებისთვის სემეკმა 2020 წლის 29 დეკემბრს დაადგინა და 2024 წლამდეა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბრამდე სემეკს თბილისის და კიდევ რამდენიმე რეგიონის აბონენტებისთვის წყლის ახალ ტარიფს დაადგენს.

სემეკში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „ბათუმის წყლის“, შპს „საჩხერის წყალკანალის“ და შპს „საგარეჯოს“ მომდევნო წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმების ანალიზი.

Gwp-ის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძე ამბობს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილების მთავარი გამომწვევი მიზეზი ჯივიპის შემთხვევაში წყალმომარაგების ხშირი წყვეტაა, რაც როგორც ჯივიპის ახალი მფლობელის, ევროპული კომპანია „აქუალიას“ მიერ ჩატარებულმა სისტემურმა აუდიტმა აჩვენა, სისტემის მძიმე მდგომარეობითა და ინფრასტრუქტურის ხანდაზმულობითაა გამოწვეული.

„კომპანიამ უკვე შეიმუშავა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები და მარეგულირებელ კომისიაში წარადგინა უახლოესი სამი წლის საინვესტიციო გეგმა, რომელიც სრულად ემსახურება წყალმომარაგების სერვისის და ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ უახლოეს წარსულში წყალმომარაგების სექტორში განხორციელებული ინვესტიციები და წყლის ტარიფი არ იყო საკმარისი სიტუაციის გამოსასწორებლად “, - განმარტავს გიგა ნადირაძე.

სემეკი დეკემბრის ბოლოს დაადგენს ახალ ტარიფს წყალმომარაგების სექტორისთვის, Საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორი კი თავის მხრივ მზად არის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორი მზაობას გამოთქვამს სწორი სატარიფო პოლიტიკის შემთხვევაში იყოს შესაბამისობაში  ევროკავშირის სტამდარტებთან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები