აშშ-სთან პირდაპირი ავიარეისები ეს არის ჩვენი ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის მთავარი პრიორიტეტი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.
მისივე განმარტებით, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებებს ამერიკულ ავიაკომპანიებთან აწარმოებს.
„არაერთი წელია ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პირველ რიგში დავაინტერესოთ აშშ-ში რეგისტრირებული და ოპერირებადი ავიაკომპანიები, იმისთვის, რომ მათ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენებს დაწყებაზე მიიღონ გადაწყვეტილება.
ჩვენ ვიყენებთ ყველა პლატფორმას, ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ გვქონდეს შეხვედრები ამერიკულ ავიაკომპანიებთან. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ანალიტიკას, თუ რა მგზავრთნაკადზე გაქვს საუბარი და ტურისტული ნაკადები როგორ იზრდება.
აქვე ვიტყოდი, რომ 2023 წელს 75 ათასზე მეტმა ადამიანმა იმგზავრა ტრანზიტული გზით საქართველოსა და ამერიკას შორის. ვფიქრობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბაზისი, რომ გვქონდეს წინაპირობა მათ შორის ავიაკომპანიებთან საუბრისას, რომ ისინი დავაინტერესოთ საქართველოს საავიაციო და ტურისტული ბაზრით.
გარდა ამისა ვხედავთ, რომ მზარდია ტურისტული ნაკადები და მუდმივად ვაწარმოებთ მარკეტინგულ აქტივობებს იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა აშშ-ში გაიზარდოს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებს აქვს, როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური დატვირთვაც.
„პირდაპირ ფრენებს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ იმავდროულად მას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა და ღირებულება. მნიშვნელოვანია, რომ ასევე გვქონდეს მხარდაჭერა მეორე მხრიდანაც, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ანუ ორივე ქვეყნის საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ პირდაპირი საჰაერო რეისები“ , - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
უახლესი