დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყოველწლიურად სხვადასხვა ლოკაციაზე "მთის დღეები" გაიმართება

ყოველწლიურად სხვადასხვა ლოკაციაზე "მთის დღეები" გაიმართება

15-07-2023 19:31:37

შარშან დავიწყეთ "მთის დღეების" აღნიშვნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება ზოგადად მთის დაფასებას, მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას, მე მინდა მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, "მთის დღეების" ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, "მთის დღეები" არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ დაათვალიერონ ქვეყნის უნიკალური ბუნება, არამედ ბევრ ტურისტსაც მოიზიდავს. 

 

"მთა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის და ჩვენ ყოველწლიურად სხვადასხვა ლოკაციაზე გავმართავთ "მთის დღეებს", ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ტრადიციაა. გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ მოინახულონ ჩვენი უნიკალური ბუნება, მართლაც უნიკალური, ხელშეუხებელი ბუნება, ჩვენი საგანძური, რომ იტყვიან, ბევრი ტურისტი ჩამოვა, ბევრი დამსვენებელი ნახავს ჩვენი ქვეყნის სილამაზეს, სიდიადეს და ვფიქრობ, ძალიან კარგი ტრადიცია გამოგვივიდა,"- განაცხადა პრემიერმა. 

 

ფესტივალის ფარგლებში მთის ერთგულებისთვის და მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ტყის მცველები დააჯილდოვეს.

 

"მთის დღეები" საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე წელია იმართება.

ფესტივალის ფარგლებში შეფებმა-ლევან კობიაშვილმა და დიმიტრი შარაშიძემ კულინარიული მასტერკლასი ჩაატარეს. სტუმრები გაეცნენ მთის ხინკლის ისტორიას, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები.

 

შოვში, "მთის დღეების" მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: დიჯეი Levi Love Disco, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, მარიამ გალოგრე, ნინი ასილიანი. 

საღამოს კოცონთან შეკრებილ სტუმრებს ნიკა წულუკიძე, გელა დონაძე და კვარტეტი უმასპინძლებენ.

 

15 ივლისს "მთის დღეები" ასევე იმართება თუშეთში და იმერეთში, ხოლო 22 ივლისს ყაზბეგში, გურიასა და სვანეთში გაიმართება, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი პროგრამა,ადგილობრივი კერძების მასტერკლასები და დეგუსტაცია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები