დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტმა 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა - დეტალები

პარლამენტმა 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა - დეტალები

15-12-2023 13:48:42

პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია დაამტკიცა. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,2 პროცენტია. საშუალო ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2,8 პროცენტს შეადგენს.

ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5% ოდენობით, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 38 პროცენტს შეადგენს.

ნაერთი ბიუჯეტის ჯამური რესურსი 25 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს და მისი ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლებია, რომლის მოცულობა 2024 წელს განსაზღვრულია 22 მილიარდ 53 მილიონი ლარის ოდენობით.

აღნიშნული მაჩვენებელი ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია, დაახლოებით, 110 მილიონი ლარით, რაც ძირითადად, გამოწვეულია საფინანსო სექტორის მიერ გადასახდელი თანხის დაზუსტებით.

გადასახადების გარდა, 2024 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია:

• გრანტები - 400 მილიონი ლარი;

• სხვა შემოსავლები - 1 მილიარდ 945 მილიონი ლარი;

• პრივატიზაცია - 350 მილიონი ლარი;

• სესხების დაბრუნება - 270 მილიონი ლარი;

• დეფიციტის ნომინალური მაჩვენებელი 2 მილიარდ 187 მილიონ ლარს შეადგენს. 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 28,7 მილიარდი ლარია.

ჯამური თანხის 30% - 8,6 მილიარდ ლარზე მეტი, მიიმართება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე; 3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% - განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე;

რესურსის 10% - 2,9 მილიარდი ლარი - თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად; ამავე მოცულობის თანხა ხმარდება სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას; გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე - 940 მილიონი ლარი.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ჯამურად, გათვალისწინებულია 7 მილიარდ ლარზე მეტი, საიდანაც 2,1 მილიარდი ლარი მიიმართება ზემოხსენებული სფეროების განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებზე, ხოლო სხვა მიმართულებებით, როგორიცაა: საგზაო, მუნიციპალური წყალმომარაგება და სხვა კაპიტალური ხარჯები, მათი დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 4,9 მილიარდი ლარი, მთლიანი რესურსის 17%.

აღნიშნულ პროგრამებსა და პროექტებზე ჯამურად მიიმართება ბიუჯეტის რესურსის 88%, ხოლო 12%-ით ფინანსდება ყველა სხვა უწყება და პროგრამა, მათ შორის, სასამართლოები, ცესკო, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების ხელფასები და სხვა.

„2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახა ის პროგრამები, რომლებიც სრულყოფილად პასუხობს ჩვენი ქვეყნის ძირითად ამოცანებს”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები