საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მონაწილეობა მიიღო გამოცემა The Financial-ის ორგანიზებით და ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით გამართულ ყოველწლიურ საბანკო ფორუმში. ფორუმის - საბანკო სექტორის მომავალი (The Future of Banking-ის) ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების და საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები.
პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა საბანკო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებზე. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე. მან ყურადღება გაამახვილა ვირტუალური აქტივების რეგულაციებზე. "2022 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები რამდენიმე კანონში, რითაც შექმნა საკანონმდებლო ბაზა ვირტუალური აქტივებისა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებისთვის, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მათ შორის ცვლილებები ეხებოდა ორგანულ კანონს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ და საქართველოს კანონს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ. შემოთავაზებული ცვლილებების პროექტი ეფუძნებოდა ფინანსურ ღონისძიებათა ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებს და სხვა იურისდიქციების პრაქტიკულ გამოცდილებას. საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას და გაითვალისწინებს უცხოელი მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილებას. ეს უზრუნველყოფს თანამშრომლობას და კოორდინაციას ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მარეგულირებელი და საზედამხედველო სირთულეების დასაძლევად," - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ფინანსურ სექტორში ინოვაციების ტემპი სულ უფრო იზრდება, რასაც, როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს. ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.
ღონისძიებას საფინანსო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
უახლესი