თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards-ზე ხარისხის ნომინაციაში, უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედლის მიღების შემდეგ „ნინოწმინდის თაფლის - ალპიდას“ მწარმოებელი კოოპერატივი „კოდი“ ევროპის ბაზარზე გასასვლელად პარტნიორს ეძებს.
„კოდის“ საწარმო ახალციხეში ოპერირებს და ევროპული დანადგარებითაა აღჭურვილი. მიღებული გვაქვს ჰასპის სერტიფიკატი. ჩვენი ფლაგმანი ნაწარმია „ნინოწმინდის თაფლი“, რომლის მიღებაც ხდება ჯავახეთის ზეგანზე, სადაც კოოპერატივის კუთვნილი სკებია განლაგებული. ნინოწმინდის თაფლი,როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტი დაპატენტებულია საქპატენტში. ჩვენმა პროდუქტმა მეოთხედ მიიღო პრიზი ლონდონის ფესტივალზე და ბრმა დეგუსტაციის შედეგად უკვე მეორედ პლატინის მედალი მოიპოვა“,- ამბობს „კოდის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მერაბიშვილი.
კოოპერატივი „კოდი“ „ალპიდას“ ბრენდის ქვეშ რამდენიმე დასახელების თაფლს აწარმოებს.
„ჩვენი საწარმო ემსახურება კოოპერატივის წევრებს. კოოპერატივის წარმადობა სეზონების მიხედვით 3-6 ტონამდეა. ვაწარმოებთ ახალციხის, ნინოწმინდის, ანათალის, მაისის თაფლს. ასევე ვაწარმოებთ ფუტკრის რძეს, ყვავილის მტვერსა და ფუტკრის ზეთებს“, - ამბობს გიორგი მერაბიშვილი.
მისი თქმით „კოდი“ ექსპორტზეა ორიენტირებული, თუმცა უცხოეთის ბაზრებზე გასვლას ვერ ახერხებს და ამ მიმართულებით პარტნიორს ეძებს.
„2018 წლიდან ჩვენი თაფლის ხარისხი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. პარტნიორის მოძებნის მიზნით დეგუსტაციებზე უნდა გაიგზავნოს თაფლი. ერთ-ერთი მიზეზი, რაც პარტნიორის მოძიებას აფერხებს, ისაა, რომ მცირე საწარმო ვართ და დიდ მასშტაბებზე ვერ გავდივართ. მცირეა წარმადობა, ევროპაში ექსპორტის შემთხვევაში კი ასეულობით ტონაზე და უწყვეტ მიწოდებაზეა საუბარი. საჭიროა უცხოეთში ფუტკრის პროდუქტების გამოფენებზე და დეგუსტაციებში მონაწილეობა და ამ კუთხით სახელმწიფოს დახმარება, რაც პარტნიორის პოვნას გაგვიადვილებს“, - ამბობს გიორგი მერაბიშვილი.
უახლესი
19 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI21 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა