„მე ნაკლებად ვუსმენ ხოლმე ლავროვის განცხადებებს, რადგან ვფიქრობ, რომ ის არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. ის არასდროს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო განცხადებას და ძალიან კარგი იქნება, თუ მის განცხადებებს არ გავიმეორებთ ხოლმე,“ - ასე უპასუხა გიორგი კაკაურიძემ "ევროოპტიმისტების“ წევრ ხატია დეკანოიძეს, რომელმაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასება სთხოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კრემლის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტო „ტასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის მხრიდან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის დანახვის შემდეგ აღდგა ფრენები და გაუქმდა სავიზო რეჟიმი.
"როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი.
მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა," - აღნიშნა ლავროვმა.
2008 წელს, ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შეწყდა ავიამიმოსვლა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმდინარე წლის 10 მაისის განკარგულებების თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა და გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. 19 მაისს შესრულდა პირველი ავიარეისი მოსკოვიდან თბილისში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვას წარადგენდა.
იგივე თემაზე:
უახლესი
18 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა