დედოფლისწყაროში ქართული ფსტას მწარმოებელმა, კომპანია „ტარიბანა-2016“-მა წელს მესამე მოსავალი მიიღო, თუმცა კომპანიის თანადამფუძნებელი ბაკურ კიკაძე ამბობს, რომ ფსტა ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად არ გამოუტანიათ და ძირითადად კვლევებისთვის გამოიყენებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ სანამყენე მასალა საქართველოში არ იყო, ბაღში დამყნობილი იყო მცენარეების მცირე ნაწილი, - დაახლოებით 1500 მდედრი. მომავალ წელს ველოდებით მეტ მოსავალს, რადგან 2021 -2022 წლებში დამყნობილი ნერგებიც შევა მსხმოიარობაში. მიღებული მოსავლის გაყიდვებს აზრი არ ჰქონდა. ამიტომ კვლევებისთვის გამოვიყენეთ. კერძოდ, მოხდა გახსნილი და გაუხსნელი ნაყოფის პროცენტულობის გამოთვლა, დაგემოვნება, თესლის აღება ნერგების გამოსაყვანად“, - ამბობს „ტარიბანა-2016“-ის დამფუძნებელი.
მეწარმის თმით, ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოტანილი ფსტა იყიდება. არ არის მაღალი ხარისხის. ფასი საკმაოდ მაღალია.
ტარიბანა-2016“-ის თანადამფუძნებელი ფსტას ბიზნესისთვის 2023 წელს მთავარი გამოწვევად კლიმატურ პირობებს ასახელებს. „უხვი ნალექი იყო, რამაც გაართულა ბაღის მოვლის ღონისძიებების დროულად გატარება“.
რაც შეეხება 2024 წლის გეგმებს, ბაკურ კიკაძის ინფორმაციით, 2024 წელს სრულიად დასრულდება ბაღის მყნობა (დასამყნობია დაახლოებით 4000 მცენარე). ვგეგმავთ 4-5 სხვა მდედრი ფსტას ჯიშის შემოტანას, დამყნობას და დაკვირვებას. ვეცდებით, გავაგრძელოთ კვალიფიციური სანერგე მეურნეობის სტატუსი, რომ ფსტას ბაღის გაშენების მსურველებმა პროგრამა „დანერგე მომავალი" - ს ფარგლებში, შეძლონ ჩვენი კომპანიისგან ნერგების შესყიდვა. გარდა თესლ-ნერგების (საძირე) გამოყვანისა და გაყიდვებისა, ვგეგმავთ ამერიკულ, ჰიბრიდულ საძირეებზე (UCB-1) დამყნობილი ნერგების რეალიზაციას მომავალი წლის შემოდგომაზე“, - ამბობს მეწარმე.
კიკაძის თქმით, ქართული ფსტა დიდი პოტენციალის მქონე მცენარეა, რომელსაც განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს როგორც ექსპორტზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.
„მუდმივად დაკვირვების რეჟიმში ვართ. ქართული ფსტა ფორმის, ზომის, ფერისა და განსაკუთრებით, გემოს გამო მსოფლიო ბაზარზე გამორჩეულ ნიშას დაიკავებს, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ამ კულტურის მიმართ მომავალში მეტი დაინტერესება იქნება. დიდი შანსია, რომ ქართული წარმოება განვავითაროთ, ჩვენი დალოცვილი მიწა ამ მხრივ დიდ შესაძლებლობას გვაძლევს“, - ამბობს მეწარმე.
მისი თქმით ევროპისა და აზიის ქვეყნებში მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით კი ჩინეთსა და ინდოეთში, რაც შეეხება ფასს 1 კგ მშრალი ფსტის ფასი 12$ -დან 15$- მდე მერყეობს.
კომპანიამ საცდელი ნაკვეთი 2016 წელს 1 ჰექტარზე გააშენა. 2018 წელს კი დამფუძნებლების შერჩეული საძირით ფსტას ბაღი 47 ჰექტარზე გაშენდა (ჯამში, 22 500 მცენარე).
ნაკვეთში მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა და 10400 კუბ/მ. - ის მოცულობის წყლის აუზი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია დედოფლისწყაროში ფსტის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნას აპირებს. სადაც როგორც მათი, ასევე დაინტერესებული ფერმერების მოსავალი გადამუშავდება.
უახლესი
7 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს8 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის