თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები სოციალურ ქსელ Facebook-ით, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეძლებენ.
კახა კალაძის თქმით, ქალაქში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ქუჩებზე საცობებია და მოქალაქეებს გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვთ.
„ჩვენ ყოველწუთიერად, მთელი ქალაქის მასშტაბით ვაკვირდებით მოძრაობას, ავტომობილების გადაადგილებას. ასევე, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც შეფერხებებს იწვევს, რომელსაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. ამის მაგალითად საბურთალოს რაიონი გამოდგება.
მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პეკინის გამზირზე იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია.
მძღოლებს და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მოძრაობის შეფერხებისა და საცობის მიზეზზე. ამისთვის კარგი იქნება საზოგადოებას ვაცნობოთ, თუ რა ხდება ქალაქში, სადაა გადაადგილების პრობლემა, საგზაო შემთხვევა.
ამიტომ, Facebook-ით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე, ყოველდღიურად განთავსდება ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ იცოდეს, სად არის ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც საცობსა და მოძრაობის შეფერხებას იწვევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური აპლიკაცია და საცობების შესახებ ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
უახლესი
2 წუთის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი58 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა