დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი ამოცანაა, 2028 წლისთვის 20000-ს გადააჭარბოს ქუთაისში სტუდენტების რაოდენობამ, პრიორიტეტია სწავლების ხარისხის ამაღლება - ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამოცანაა, 2028 წლისთვის 20000-ს გადააჭარბოს ქუთაისში სტუდენტების რაოდენობამ, პრიორიტეტია სწავლების ხარისხის ამაღლება - ირაკლი კობახიძე

28-11-2024 16:18:00

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საუნივერსიტეტო რეფორმის პროექტს, რაც არის ერთ-ერთი მეგაპროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძის თქმით, პირველ რიგში, საქმე ეხება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

„მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ეს განხორციელდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით. ჩვენ გვქონდა უკვე კონსულტაციები ბატონ ბიძინასთან და მას აქვს მზაობა, რომ თავისი მნიშვნელოვანი, მათ შორის, ფინანსური წვლილი შეიტანოს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის 20 000-სს გადააჭარბოს ქუთაისში სტუდენტების რაოდენობამ, რაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამ რეგიონის განვითარებისთვისაც, ქალაქ ქუთაისის განვითარებისთვის. ქუთაისი უნდა გახდეს ნამდვილი საუნივერსიტეტო ქალაქი, მას შემდეგ, რაც დასრულდება ამ პროექტის განხორციელება და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ეს პროექტი იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი რესურსები უმაღლესი განათლების სფეროში. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, უმთავრესი პრიორიტეტია თვითონ სწავლების შინაარსის გაუმჯობესება და ხარისხის ამაღლება და ამ კუთხითაც გვექნება ძალიან სერიოზული რეფორმები განხორციელებული. დეტალურ გეგმას უკვე უახლოეს მომავალში წარვუდგენთ ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მას ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და კამპუსის მშენებლობაზე ისაუბრა.

„ასეთივე მასშტაბური გეგმა უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. აქაც დაგეგმილია ახალი კამპუსის მშენებლობა თბილისის შემოგარენში. აქაც დეტალურ გეგმას წარმოგიდგენთ ძალიან მალე. სრულიად ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა, თავისი საერთო საცხოვრებლებით, თავისი სასწავლო ინფრასტრუქტურით იქნება აშენებული, უზრუნველყოფილი. რეალურად, ქართველი სტუდენტები საქართველოში, თბილისსა და ქუთაისში მიიღებენ ზუსტად იგივე ხარისხის განათლებას, რა ხარისხის განათლების მიღებაც შეუძლიათ მათ ევროპულ უნივერსიტეტებში. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი უკვე 2028 წლისთვის, ზუსტად ისეთივე კომფორტული გარემო და უმაღლესი ხარისხის განათლება, რაც უნდა მიიღონ სტუდენტებმა თბილისსა და ქუთაისში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ეს არის ამბიციური გეგმა, რომელიც აუცილებლად განხორციელდება და დეტალური გეგმა უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი საზოგადოების წინაშე. აქაც ველოდებით გარკვეულ წინააღმდეგობას. რა პრობლემებიც გვაქვს ჩვენ ზოგადი განათლების სფეროში, ანალოგიური პრობლემები აშკარად იკვეთება უმაღლესი განათლების სფეროში და აქაც იგივე პოლიტიკური მიზნები დევს ამის უკან. ჩვენ გვჭირდება თვისებრივად განახლება იმ სისტემის, რომელიც უნდა ფუნქციონირებდეს ჩვენს ქვეყანაში და ამისათვის წარვადგენთ დეტალურ გეგმას საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები