სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი დააჯარიმა. სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 3 შემთხვევისათვის - სულ - 6,000 ლარი.
„მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 5 ფაქტი, რაც ხსენებული წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 5 შემთხვევისათვის - სულ - 10,000 ლარი.
ორ კლიენტზე მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის მოპოვებული ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვა, რაც ხსენებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები 2 დარღვევისთვის - სულ, 4,000 ლარის ოდენობით.
ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. მას არ გააჩნია დაკავშირებული, უჩვეულო გარიგებებისა და საეჭვო გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობება, რაც ჯარიმის წესის (2021 წლის 06 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციით) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 20,000 ლარის ოდენობით. სულ - 20,000 ლარი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 40,000 ლარის ოდენობით“, აღნიშნულია სებ-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის 75%-ს ეთერ ბერიძე-მელიქიშვილი ფლობს, ხოლო 25%-ს ეთერ ბერიძე-მელიქიშვილი, არჩილ მელიქიშვილი და ბესიკ მელიქიშვილი.
თავად ბერმელის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობა ძირითადად ქართული კაპიტალით, ადგილობრივ მსესხებელთა ფინანსებითაა წარმართული.
„ბერმელის“ სასესხო კაპიტალი (კომპანიაში შემოტანილი დანაზოგი) გამყარებულია ,,ბერმელის” საწესდებო კაპიტალით, აგრეთვე “ბერმელის”საკუთარი ქონებით, უძრავი ქონების იპოთეკით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მიღებული ავტომანქანების რეგისტრაციით სშსს მომსახურების სააგენტოში, ძვირფასი ლითონებისა და თვლების, მობილური ტელეფონებისა და ტექნიკის გირაოთი, თავდებობის ხელშეკრულებით და სხვა გარანტიებით.
კომპანია მუშაობს თავისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, არის მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრი და თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: თიბისი ბანკი და სტანდარტ ბანკი და აქვს პერსპექტივა ისეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა, როგორებიცაა: საერთაშორისო მიკროსაფინანსო ქსელი (MFC), აშშ საერთო განვითარების სააგენტო; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევრობანკი; საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (USAID, UNHCR CV, IRC)“, - აღნიშნილია კომპანიის ვებგვერდზე გათავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
20 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა