Mastercard-ი საქართველოში ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ტურისტულ ობიექტებში უცხოური Mastercard ბარათებით გადახდისას განსაკუთრებული ფასდაკლებები იმოქმედებს. როგორც Mastercard-ში განმარტავენ, ამ ინიციატივის ძირითადი მიზანი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერა და საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის დონის ზრდის ხელშეწყობაა.
პროექტის დეტალებზე Business Insider Georgia Mastercard-ის რეგიონულ დირექტორს საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძეს ესაუბრა.
- რა გეგმები აქვს Mastercard-ს საქართველოში ტურისტების მოსაზიდად და როდიდან დაიწყება ამ პროექტის განხორციელება?
- Mastercard-სთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენ უამრავი პროექტი გვაქვს განხორციელებული როგორც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ისე ჩვენს გლობალურ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში ტურისტების მოსაზიდად და მათთვის შესაბამისი სერვისების შესათავაზებლად. ახალი პროექტის ფარგლებში, Mastercard-ი გეგმავს უცხოური Mastercard ბარათებით გადახდისას ტურისტებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზებას სხვადასხვა ობიექტში, იქნება ეს სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები თუ სხვა. ამ ინიციატივის ძირითადი მიზანია ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერა და საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის დონის ზრდის ხელშეწყობა.
- პროგრამა შეეხება Mastercard-ის ყველა მომხმარებელს ყველა ქვეყანაში, თუ საპილოტე ეტაპზე გარკვეული ქვეყნების ჩართვა მოხდება?
- პროგრამა მიზნად ისახავს ყველა საერთაშორისო Mastercard-ის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რათა არ შევზღუდოთ ტურისტების შესაძლებლობები და უზრუნველვყოთ მათთვის ერთიანი გამოცდილება, რომელ ქვეყნიდანაც არ უნდა იყონ. ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, შუა აზიაში, არაბულ ქვეყნებში, ამ შეთავაზებების მუდმივი კომუნიკაცია იგეგმება როგორც ჩვენი ადგილობრივი ოფისების, ისე პარტნიორი ბანკების მხრიდან. ამ გზით, ჩვენ 300 მილიონზე მეტ მომხმარებელს მივაწვდენთ ხმას.
- რა გათვლები აქვთ საქართველოში Mastercard-ს, უცხოელ ტურისტებს გარკვეული ფასდაკლებებით შეეთავაზებათ მხოლოდ სასტუმროს სერვისები თუ კვების ობიექტებიც?
- პროექტის ფარგლებში, Mastercard-ი გეგმავს სხვადასხვა ტიპის ობიექტების ჩართვას, რომლებიც ტურისტების ინტერესებს მაქსიმალურად უპასუხებს. ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები მოიცავს სასტუმროებს, კვების ობიექტებს, მაღაზიებს და სხვა ტურისტულ სექტორს, რათა უზრუნველვყოთ მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის სერვისების ხელმისაწვდომობა. ეს ყველაფერი გათვლილია როგორც ტურისტების ზოგადი კმაყოფილების ასამაღლებლად, ისე საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად.
- Mastercard-ი მხრიდან საწყის ეტაპზე აქცენტი კეთდება 5 ვარსკვლავიან საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებზე, თუ ვისთანაც თანამშრომლობაზე შეთანხმდებით ის ობიექტი ჩაეშვება პროგრამაში?
- საწყის ეტაპზე, Mastercard-ი აქცენტს აკეთებს მაღალი კატეგორიის ობიექტებზე, მათ შორის 5-ვარსკვლავიან საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებზე და მაღალი კლასის რესტორნებზე. ამ გადაწყვეტილებით, პროექტი მიზნად ისახავს მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების მოზიდვას, რაც ეკონომიკური ზრდისთვის და ტურისტული ბაზრის დახვეწისთვის სასარგებლოა. თუმცა, პროგრამა მოქნილი იქნება და Mastercard პარტნიორობას განიხილავს იმ ობიექტებთანაც, რომლებიც ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
- საერთაშორისო ბრენდებს საკუთარი საბონუსე და ფასდაკლების სისტემები აქვთ, ასეთ დროს იმოქმედებს Mastercard-ის და პლუს საკუთარი ფასდაკლების სისტემა, თუ რა გეგმები გაქვთ?
- იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ბრენდებს საკუთარი საბონუსე და ფასდაკლების სისტემები გააჩნიათ, Mastercard-ის პროგრამით მათ დამატებით შეეძლებათ სარგებლობა. უფრო მარტივად, ეს ნიშნავს, რომ Mastercard-ის მფლობელებს შეეძლებათ ისარგებლონ როგორც საკუთარი, ისე ბრენდების შეთავაზებებით, რაც გადამხდელებს მაქსიმალურად კომფორტულ სერვისსა და მეტ დანაზოგს შესთავაზებს.
- როგორ აფასებს Mastercard-ი საქართველოში ტურიზმის განვითარების დინამიკას? Mastercard-ისჭრილში იზრდება თუ არა საბარათე გადახდები ან განაღდებები ქვეყანაში?
- Mastercard დადებითად აფასებს საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციას, რაც აისახება საბარათე გადახდების ზრდაზე. ბოლო წლების განმავლობაში საბარათე გადახდების, ისევე როგორც დიჯიტალ მეთოდებით გადახდების მაჩვენებლები მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც მიუთითებს როგორც ტურიზმის, ასევე ბარათების გამოყენების კულტურის განვითარების პროცესზე. Mastercard-ის მონაცემებით, ქვეყანაში ტურისტების მზარდი რაოდენობა უკვე ირჩევს საბარათე გადახდებს, რაც დადებით გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკაზე, ასევე სერვისების გამარტივებაზე.
ამ ინიციატივებით, Mastercard მიზნად ისახავს შექმნას კომპლექსური და მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტულ განვითარებას და საერთაშორისო ტურისტებისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნას.
უახლესი