გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, კომიტეტში პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა წარადგინა. ცვლილების თანახმად, ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის მოსაკრებელი კუბურ მეტრზე 20 თეთრის ნაცვლად 60 თეთრით განისაზღვრება.
მომხსენებლის განმარტებით, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლით მიღებული შემოსავალი მთლიანად მიემართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში და აღნიშნული ცვლილების შედეგად მათი შემოსავლები სამჯერ გაიზრდება.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სხდომაზე განაცხადა, წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე, მინერალური რესურსების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართა.
„კონსულტაციები გავიარეთ სწორედ იმ სეგმენტთან, რომელიც ქვიშა-ხრეშის მდინარეების ნაპირებიდან მოპოვებით არის დაკავებული და ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ფასის მატება მხოლოდ ქვიშა-ხრეშზე მომხდარიყო, რადგან ეს ბიზნესზე არ იქნება დიდი ზეწოლა. ასევე რესურსზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნა. ქვიშა-ხრეშის მდინარის კალაპოტიდან მოპოვების ტექნოლოგია სრულიად განსხვავებულია იმ მეთოდოლოგიისგან, რაც სხვა რესურსების მოპოვების დროს გამოიყენება, ამიტომ სხვა რესურსებთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და საგაზაფხულო სესიისთვის შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტი წარმოვადგინოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი.
განხილულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
უახლესი
3 საათის წინ
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები იზრდება4 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფორთოხალს ყიდულობს7 საათის წინ
რატომ უნდა აღნიშნო დაბადების დღე Wendy's-ში