„ჩვენ გავიზარდეთ ზუსტად ამ მთაზე, „კოხტაგორაზე“... ამდენი წლის შემდეგ ბაკურიანმა უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს, ეს იყო ჩვენი ოცნება“, - ამბობს Silk Road Group-ის ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი.
ოცნების ასრულებამდე კი იყო ხანგრძლივი 20 წელი, როცა ის თანამოაზრეებთან ერთად სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის ძალისხმევას არ იშურებდა.
„20 წელია ჩვენ სამთო-სათხილამურო სპორტის სპონსორები ვართ. სწორედ ჩვენმა ძალისხმევამ, ხედვამ და ამ ხედვისკენ მიზანსწრაფვამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდა. სპორტი არის ერთ-ერთი საერთაშორისო ენა და ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი შრომა, მსოფლიო ჩემპიონატით დაგვირგვინდა“, - ამბობს რამიშვილი.
Silk Road Group-ის ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ნდობა შეუფასებელია, რადგან ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატისთვის სწორედ ბაკურიანი შეირჩა.
„მადლობა, ასეთი ნდობისთვის, რადგან თავის დროზე გაიზიარეთ ჩვენი ინიციატივა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩაგვეტარებინა. ასევე, რა თქმა უნდა მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ მხარი დაუჭირა ამ იდეას და დღეს ბაკურიანი და საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია“.
გიორგი რამიშვილის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ემოციები შთამბეჭდავია.
„შეჯიბრის დასრულების შემდეგ, დაჯილდოებაზე „კოხტაზე“ სამი მეგობარი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა. ეს ხდება მსოფლიო ჩემპიონატზე ბაკურიანში..., ჩემთვის ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი... ამაზე კარგი ემოცია რამ უნდა გამოიწვიოს. მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოში. ეს არის მაგარი შანსი რომელიც შესაძლოა, ას წელიწადში ერთხელ მოგვცემოდა და ეს შანსი ჩვენ გამოვიყენეთ“, - ამბობს რამიშვილი
ბაკურიანში 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით სამთო-სათხილამურო სპორტში უმაღლესი რანგის ტურნირი - ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.
მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
უახლესი