ორი წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ვსაქმიანობთ. პირველად გასაყიდად საახალწლო კოლექცია გამოვიტანეთ. მიღებული შემოსავლის შედეგად გავფართოვდით და ასორტიმენტი გავზარდეთ, - ამბობს Business Insider Georgia-თან „კირკე კერამიკას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, სამი პარტნიორის პირადი დანაზოგით დაწყებულმა ბიზნესმა გაამართლა. „კირკე კერამიკას“პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება.
„ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ქართულ თემატიკაზე შექმნილი კერამიკული ჭურჭელი, დეკორატიული კერამიკული ნამუშევრები. ვამზადებთ ყოველდღიური მოხმარების ჭურჭელს, დეკორაციულ სანათებს, სარკეებსა და კედლის დეკორს“, - ამბობს მარიამ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, საქართველოში კერამიკის ბიზნესი პერსპექტიულია, თუმცა ბაზარზე კონკურენცია იზრდება. ბაზარზე შესვლის შემდეგ „კირკე კერამიკას“ წარმოების მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა.
„მომხმარებელი ეჩვევა იმას, რომ ხელნაკეთი ნივთები თანდათან ფასდება და მისი ღირებულება ხარისხის ადეკვატურია. ძირითადად მოთხოვნა არის ქართულ მოტივებზე შექმნილ ნამუშევრებზე. დამკვეთი მიხვდა, რომ ხელნაკეთი ნივთი ერთია, ინდივიდუალური და უნიკალური. „კირკე კერამიკას“ მიერ დამზადებულ ნივთებს ძირითადად საჩუქრად ყიდულობენ ან უცხოეთში მიაქვთ“, - ამბობს მარიამ ჯაფარიძე.
რაც შეეხება კორპორაციულ შეკვეთებს, „კირკე კერამიკას“ მომხმარებლები არიან მსხვილი კომპანიები, ბანკები და ჰორეკა სექტორი.
Business Insider Georgia-თან „კირკე კერამიკას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ კერამიკული ნივთების ექსპორტზე ფიქრობენ, თუმცა ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს.
„პერსპექტივაში ექსპორტზე გასვლა გვინდა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ძალიან რთულია, რადგან ეს პროცესი ხარჯიანია და რისკებიც ახლავს. კერამიკა მტვრევადია და საფოსტო გადაზიდვებისას ნივთის დაზიანების შემთხვევაში გადამზიდავს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ხშირ შემთხვევაში ნივთი ადგილზე დაზიანებული ჩადის“.
„კირკე კერამიკას“ საწარმო თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. კომპანიაში მუდმივად 3 ადამიანია დასაქმებული.
პროდუქციის ფასები შეკვეთის მოცულობისა და ნივთის ღირებულების შესაბამისად, 45-დამ 700-ლარამდეა.
უახლესი
43 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა