დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კელი დეგნანი: რუსეთი გარიყული ქვეყანაა, არავინ ესწრაფვის მასთან დაახლოებას - ახლა ის დროა, როცა ქვეყნები რუსეთს შორდებიან

კელი დეგნანი: რუსეთი გარიყული ქვეყანაა, არავინ ესწრაფვის მასთან დაახლოებას - ახლა ის დროა, როცა ქვეყნები რუსეთს შორდებიან

09-02-2023 16:14:30

რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები - არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა იმ რიტორიკას, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში რუსმა მაღალჩინოსნებმა, კონკრეტულად კი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განავითარეს.

კელი დეგნანის შეფასებით, ლავროვი დიდი ხანია ნდობით აღარ სარგებლობს, თუმცა მისი განცხადებებიდან ცხადი გახდა თუ რა სურს რუსეთს. ელჩის თქმით, საქართველო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ შეემცირებინა დამოკიდებულება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დიდი სანდოობით არ სარგებლობს. ეს წლებია ასეა, თუმცა ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რა სურს რუსეთს.

რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები. თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, დაინახავთ ვინ არიან რუსეთის პარტნიორები, ისინი არიან სუსტები და რუსეთზე დამოკიდებულები.

ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად 30 წლის განმავლობაში ქმნიდა არის ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავისუფლება და საკუთარი ეკონომიკა“,- განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნები რუსეთს შორდებიან.

„ეს გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა. საქართველომ წლები დახარჯა იმისათვის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა, იქნებოდა ეს ენერგეტიკა თუ ვაჭრობა და საკმაოდ კარგ პროგრესსაც მიაღწია ამ მხრივ. საქართველოს არ სჭირდება რუსეთი საკუთარი საქონლის გასაყიდად. ბევრი სხვა ბაზარია, სადაც საქართველო წარმატებით გავიდა.

საქართველო ასევე იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ის არ არის დამოკიდებული რუს ტურისტებზე, ასე რომ, არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული.

არ არის და როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქართველოს სხვა მეგობართან ერთად, რათა დავხმარებოდით საქართველოს, შეემცირებინა დამოკიდებულება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია, რომელიც ამას მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ქვეყანა სუსტი, მასზე დამოკიდებული გახადოს და ეს გამოიყენოს ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ეს სჭირდება ან უნდა. ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას ყოფნა სურდეს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები