თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მართვის რეჟიმი კიდევ 2 წლით გახანგრძლივდა.
სასამართლოს განჩინებით, კომპანიის სპეციალურ მმართველად ბესიკ კირთაძე დაინიშნა, რომელსაც უფლებამოსილება 2025 წლის 9 მაისამდე განესაზღვრა. ბესიკ კირთაძემ აღნიშნულ პოსტზე, ნიკოლოზ ჩიქოვანი შეცვალა, რომელმაც სპეციალური მმართველის პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ნიკოლოზ ჩიქოვანი აღნიშნულ თანამდებობას მას შემდეგ იკავებდა, რაც 2017 წელს კომპანიაში სპეციალური მართვის რეჟიმი ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მინერალური რესურსების სააგენტოს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების სრულყოფილად შესრულების მიზნით ახალი 2 წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
ამასთან, სასამართლომ 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა არსებითად შესრულებულად სცნო, თუმცა ახალი გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილება, იმისათვის რომ ამომწურავად და ეფექტიანად განხორციელდეს სპეციალური მართვის რეჟიმის დაწესების თავდაპირველი მიზანი. ბესიკ კირთაძეს კერძო და საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და განათლებით სამართალმცოდნეა.
უახლესი
5 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება