დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ივნისში ტურისტების რაოდენობა 25-30%-ით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი იყო - რესტორატორთა ასოციაცია

ივნისში ტურისტების რაოდენობა 25-30%-ით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი იყო - რესტორატორთა ასოციაცია

20-06-2023 14:00:08

უამინდობამ, რეგიონის ომმა და კახოვკის ჰესის აფეთქებამ დამსვენებლების აქტივობა შეანელა.

როგორც Business Insider Georgia- თან რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, მოლოდინი გაცილებით უკეთესი იყო და მიმდინარე პერიოდში დაახლოებით 25-30%-ით მეტ ტურისტს ელოდნენ, თუმცა აქტიური სეზონი ჯერჯერობით წინაა და არსებული მოცემულობა შეიცვლება. ,,ტურისტულ ინდუსტრიაში ჯერჯერობით ტემპი შენელებულია, სტუმრების რაოდენობა ბევრი არ არის, მაგრამ მდგომარეობა სავარაუდოდ შეიცვლება.

სეზონისთვის დამახასიათებელ აქტივობას 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში ველოდებით. დღესდღეობით დამაბრკოლებელი ფაქტორები არის ამინდი, მიმდინარე ომი, რუსეთის მხრიდან ტერორისტულია აქტი კახოვკის ჰესზე და სხვა, რამაც დარგზე ნეგატიურად იმოქმედა.

სინამდვილეში მეტი დატვირთვა უნდა ყოფილიყო. ახლა კი 25-30%-იანი კლებაა, ვიდრე მოლოდინი იყო. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოცემულობა შეიცვლება და მიმდინარე წელი წარმატებულად ჩაივლის“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისი თქმით, სექტორში გამოწვევად რჩება კადრების სიმცირე, რის მოგვარების პერსპექტივა მოკლევადიან პერიოდში არ ჩანს. 

„დღესდღეობით გამოწვევად რჩება კადრების სიმცირე, რაც პრობლემაა არა მხოლოდ სფეროსთვის, ქვეყნისთვისაც. სერვისის განვითარება და ხარისხის გაუმჯობესება კადრების სიმცირის პირობებში ძნელი გამოწვევაა, მაგრამ სახელმწიფოსთან სწორი პოლიტიკით, ესეც დაძლევადია, მაგრამ მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში“, - დასძენს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სტატისტიკას, გალტ & თაგარტის 5-9 ივნისის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.6%-ით გაიზარდა და 304 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის პირველ 5 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1,350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+60.5% წ/წ).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები